აშშ-ს ყოფილ პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს პროსტატის კიბოს „აგრესიული ფორმა“ დაუდგინეს, რომელიც ძვლებზეც გავრცელდა. ამის შესახებ ექს-პრეზიდენტის ოფისმა კვირას განაცხადა. ბაიდენი და მისი ოჯახი, ექიმებთან ერთად, მკურნალობის ვარიანტებს განიხილავენ.

„მას შემდეგ, რაც გახშირებული შარდვის სიმპტომები გამოვლინდა, გასულ კვირას პრეზიდენტ ჯო ბაიდენს გამოკვლევა ჩაუტარდა და პროსტატაში ახალი კვანძი აღმოაჩნდა. პარასკევს მას პროსტატის კიბოს დიაგნოზი დაუსვეს, რომელიც, გლისონის ინდექსით, 9 ქულით (მე-5 ჯგუფი) და ძვალში მეტასტაზების შეღწევით არის კლასიფიცირებული“, - ნათქვამია განცხადებაში, რომელში მოხსენიებული გლისონის კლასიფიკაციით პროსტატის კიბოს აგრესიულობის ხარისხი ფასდება.

„მიუხედავად იმისა, რომ ეს დაავადების საკმაოდ აგრესიულ ფორმას წარმოადგენს, კიბო, როგორც ჩანს, მგრძნობიარეა ჰორმონების მიმართ, რაც ეფექტური მკურნალობის საშუალებას იძლევა“, - აღნიშნავს ექს-პრეზიდენტის ოფისი.

„პრეზიდენტი და მისი ოჯახი, ექიმებთან ერთად, მკურნალობის ვარიანტებს განიხილავენ “, - ნათქვამია განცხადებაში.

82 წლის ჯო ბაიდენმა თეთრი სახლი მიმდინარე წლის იანვარში მას შემდეგ დატოვა, რაც 2024 წლის ზაფხულში უარი თქვა საპრეზიდენტო საარჩევნო მონაწილეობაზე.

პროსტატის (მამაკაცის რეპროდუქციული სისტემის მთავარი ჯირკვალი - რედ.) სიმსივნე ყველაზე გავრცელებული კიბოა მამაკაცებში და მისი პროცენტული მაჩვენებელი15%-ს შეადგენს.

წყარო; 1tv.ge