ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უკრაინელ კოლეგას ვოლოდიმირ ზელენსკის განუცხადა, რომ აშშ უკრაინას მცირე რაოდენობით ATACMS რაკეტებს გადასცემს.
ამის შესახებ ინფორმაციას NBC News-ი კონგრესში აღნიშნულ საკითხთან დაახლოებულ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.
ამერიკელ ოფიციალურ პირებს, რომლებსაც საჯაროდ საუბრის უფლება არ აქვთ, არ დაუკონკრეტებიათ, თუ როდის მიიღებს უკრაინა შორ მანძილზე მოქმედ რაკეტებს ან როდის გააკეთებენ მხარეები რაკეტების გადაცემის შესახებ საჯარო განცხადებას.
რამდენიმე თვეა უკრაინა ATACMS-ის რაკეტების გადაცემას ითხოვს, რომელიც კიევს იმის შესაძლებლობას მისცემს, რომ სამიზნეებს 180 მილის მანძილზე დაესხას თავს, დარტყმა მიაყენოს რკინიგზას და ფრონტის ხაზს მიღმა რუსეთის კონტროლის ზონებს.