რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა 24 იანვარს ქებით მოიხსენია აშშ-ის ახალი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი “პრაგმატულობისა” და “ჭკუის” გამო.
პუტინს არა სჯერა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი რუსეთისთვის ზარალის მიყენების მიზნით შეეცდება ნავთობის ფასის დაბლა დაწევას მსოფლიოს ბაზარზე.
“ის არა მხოლოდ ჭკვიანი, პრაგმატული ადამიანიც არის” - თქვა პუტინმა რუსეთის მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში.
კრემლის მმართველის თქმით, “ნავთობის ზედმეტად მაღალი ან ზედმეტად დაბალი ფასი აზარალებს როგორც ამერიკის, ისე რუსეთის ეკონომიკას".
რუსეთის პრეზიდენტმა დასძინა, რომ ძნელად წარმოუდგენია, “მიღებულ იქნეს ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც ზარალს მიაყენებს აშშ-ის ეკონომიკას”.
დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას, ტრამპმა აღნიშნა, რომ ნავთობის მაღალი ფასი რუსეთს საშუალებას აძლევს გააგრძელოს კონფლიქტი უკრაინასთან. ტრამპმა მოუწოდა ნავთობის მსხვილ მწარმოებლებს, განსაკუთრებით საუდის არაბეთს და OPEC-ის წევრს ქვეყნებს, გაზარდონ წარმოება და შეამცირონ ფასები, რათა დასრულდეს ომი.
პუტინმა უკრაინის თაობაზე თქვა, რომ ის მზად არის მოილაპარაკოს ამერიკელ კოლეგასთან უკრაინის კონფლიქტის გარშემო. რუსეთის პრეზიდენტი თვლის, რომ ომი არ იქნებოდა, ტრამპი რომ ყოფილიყო აშშ-ის პრეზიდენტი.
წყარო: რადიო თავისუფლება
ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ნავთობის ექსპორტიორ ქვეყანათა ორგანიზაციისგან (OPEC) ნავთობის ფასის შემცირებას მოითხოვს, რაც, მისი აზრით, დაუყოვნებლივ დაასრულებს რუსეთ-უკრაინის ომს.
„მე ვთხოვ საუდის არაბეთს და ნავთობის ექსპორტიორ ქვეყანათა ორგანიზაციას, შეამცირონ ნავთობის ღირებულება. გულწრფელად რომ ვთქვათ, მიკვირს, რომ არ გააკეთეს ეს არჩევნებამდე. ფასი რომ დაწეულიყო, რუსეთ-უკრაინის ომი მაშინვე დამთავრდებოდა. თქვენ უნდა შეამციროთ ნავთობის ფასი, თქვენ უნდა დაასრულოთ ეს ომი. ეს დიდი ხნის წინ უნდა გაეკეთებინათ. ისინი გარკვეულწილად პასუხისმგებელნი არიან იმაზე, რაც მოხდა. მილიონობით სიცოცხლე იკარგება“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა დავოსში, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ყოველწლიურ სხდომაზე ვირტუალურად გამოსვლისას.
დონალდ ტრამპი გამოეხმაურა მედიაში გავრცელებულ ინფორმაციასაც, რომლის მიხედვითაც, საუდის არაბეთი აშშ-ში, სულ მცირე, 600 მილიარდი დოლარის ინვესტირებას გეგმავს.
„მე პირადად მოვითხოვ სამეფოს მემკვიდრე პრინცისგან, გაზარდოს ეს თანხა ერთ ტრილიონ დოლარამდე. ვფიქრობ, ისინი ამას გააკეთებენ, რადგან ჩვენ კარგები ვიყავით მათთან“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.
წყარო: 1 არხი