როგორც აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის პრესსპიკერმა, ქეროლაინ ლევიტმა რეპორტიორებთან საუბრისას აღნიშნა, დონალდ ტრამპს სურს, ირანმა იცოდეს, რომ "ჯოჯოხეთური საფასურის გადახდა" მოუწევს, თუ ბირთვულ პროგრამას არ შეწყვეტს.
თეთრი სახლის პრესსპიკერის თქმით, ტრამპის "საბოლოო მიზანს წარმოადგენს, უზრუნველყოს, რომ ირანი ბირთვულ იარაღს ვერასოდეს მოიპოვეს". მანვე დაამატა, რომ ტრამპს დიპლომატიის სწამს, თუმცა "მაგიდაზე ყველა ვარიანტი დევს" იმ შემთხვევაში, თუ დიპლომატიური ძალისხმევები წარუმატებელი იქნება.
"მაგრამ მან ირანელებისთვის ძალიან ცხადი გახადა ისევე, როგორც მისი ეროვნული უსაფრთხოების გუნდი იზამს ამას, რომ ყველა ვარიანტი განიხილება, ირანს კი არჩევანი აქვს გასაკეთებელი - თქვენ შეგიძლიათ, პრეზიდენტ ტრამპის მოთხოვნას დათანხმდეთ, ან ჯოჯოხეთური საფასურის გადახდა მოგიწევთ. პრეზიდენტს ასე მიაჩნია. ამის შესახებ ძალიან მტკიცე მოსაზრებები აქვს". - თქვა ლევიტმა.
ცნობისთვის, აშშ-სა და ირანს შორის უმაღლესი დონის შეხვედრა 12 აპრილს არის დაგეგმილი.
ამერიკული გამოცემა Axios-ის ინფორმაციით, ირანი აშშ-სთან მოლაპარაკებების დროს აპირებს გამოვიდეს წინადადებით, რომ ორ ქვეყანას შორის დროებითი ბირთვული გარიგება დაიდოს, სანამ მხარეები ყოვლისმომცველ შეთანხმებაზე მოლაპარაკებებს გამართავენ. ამის შესახებს გამოცემას ევროპელმა დიპლომატმა და საკითხზე ინფორმირებულმა წყარომ აცნობა.
19 მარტს Axios წერდა, რომ აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გაგზავნილ წერილში ირანის უზენაეს ლიდერს, აიათოლა ალი ხამენეის, 2-თვიანი ვადა მისცა ახალი ბირთვული შეთანხმების დასადებად.
აქამდე გამოცემა Reuters ირანელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით წერდა, რომ ირანი აშშ-სთან ბირთვულ პროგრამაზე მოლაპარაკებებს, "პროგრესისადმი მცირე იმედით და აშშ-ს მიმართ ღრმა ეჭვებით" უყურებს.
ტელეარხ NBC News-ის ინფორმაციით, მათთან საუბრისას აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირანს დაბომბვით დაემუქრა, თუკი ისინი ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით შეთანხმებას არ დადებენ.
"თუ ისინი [ირანი] შეთანხმებას არ დადებენ, დაბომბვა იქნება და ისეთი სახის დაბომბვა იქნება, როგორიც არასდროს უნახავთ". - ციტირებს ტრამპს NBC News-ის წამყვანი კრისტენ უელკერი.
საპასუხოდ, ირანის უზენაესმა ლიდერმა აიათოლა ალი ხამენეიმ განაცხადა, რომ ნებისმიერ თავდასხმას აშშ-ს ან ისრაელის მხრიდან "მტკიცე საპასუხო დარტყმა" მოჰყვება. ინფორმაციას Bloomberg ავრცელებს.
ბოლო დღეებში დონალდ ტრამპი ირანს სამხედრო მოქმედებებით ბირთვულ შეიარაღებასთან დაკავშირებით დაგეგმილი მოლაპარაკებების წინაც დაემუქრა.
"თუ საჭიროება მოითხოვს სამხედრო მოქმედებებს, მაშინ იქნება სამხედრო მოქმედებები. ისრაელი, ცხადია, ამის სათავეში იქნება. ჩვენ არავინ გვმართავს. ვაკეთებთ იმას, რაც გვინდა" – თქვა ტრამპმა.
წინა კვირას პენტაგონში განაცხადეს, რომ ახლო აღმოსავლეთში განთავსებული ამერიკული ავიამზიდების რაოდენობას აშშ ორამდე გაზრდიდა მას შემდეგ, რაც მარტში აშშ-მ იემენში ირანის მიერ მხარდაჭერილი ჰუსიტების წინააღმდეგ საჰაერო იერიშების კამპანია დაიწყო.
მანამდე, 1 აპრილს, პენტაგონმა დაადასტურა, რომ ახლო აღმოსავლეთში აშშ-ს სამხედრო შესაძლებლობების გასაძლიერებლად თავდაცვის მდივანმა, პიტ ჰეგსეთმა რეგიონში დამატებითი საბრძოლო თვითმფრინავები გაგზავნა.
"აშშ-ს ცენტრალური სარდლობის საზღვაო განლაგების გასაძლიერებლად, თავდაცვის მდივანმა გასცა ბრძანება დამატებითი ესკადრილიებისა და სხვა საჰაერო ძალების განლაგების შესახებ, რაც კიდევ უფრო გააძლიერებს ჩვენს თავდაცვით საჰაერო შესაძლებლობებს". - წერია პენტაგონის სპიკერის, შონ პარნელის განცხადებაში.
სააგენტო Reuters ამერიკელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით წერს, რომ ბოლო კვირის განმავლობაში ინდოეთის ოკეანეში მდებარე აშშ-ბრიტანეთის სამხედრო ბაზა, დიეგო გარსიაზე ექვსამდე B-2 ტიპის ბომბდამშენი გადაიყვანეს.
"თუ ირანი ან მისი პროქსი ძალები დაემუქრებიან ამერიკელ სამხედროებსა და ამერიკულ ინტერესებს რეგიონში, შეერთებული შტატები გადამწყვეტად იმოქმედებს ჩვენი ხალხის დასაცავად". - ნათქვამია პენტაგონის მიერ 1 აპრილს გავრცელებულ განცხადებაში.
წყარო: tabula.ge