ირანი გეგმავდა მცირე საბრძოლო ქობინის მქონე ბალისტიკური რაკეტის გაშვებას უკრაინის ერთ-ერთი შავი ზღვის პორტის მიმართულებით, თუმცა ინტენსიური დიპლომატიური ძალისხმევის წყალობით, ვითარების დეესკალაცია მოხერხდა. ამის შესახებ The New York Times ირანელ და დასავლელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით წერს.
გამოცემის ცნობით, თეირანი ამ ნაბიჯს კასპიის ზღვაში ირანულ სავაჭრო გემზე განხორციელებული შეტევის საპასუხოდ განიხილავდა, რათა კიევისთვის „სიმბოლური გაფრთხილება“ მიეცა. დასავლელი ოფიციალური პირები შიშობდნენ, რომ ირანის ტერიტორიიდან პირდაპირი სარაკეტო დარტყმა კონფლიქტის მასშტაბურ ესკალაციას გამოიწვევდა.
სიტუაციის დაძაბვა 25 ივლისს კასპიის ზღვაში მომხდარ ინციდენტს უკავშირდება. ირანის მხარემ უკრაინა თავის გემზე თავდასხმაში დაადანაშაულა და ზარალის ანაზღაურება მოითხოვა, ხოლო უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ კასპიის ზღვის აკვატორიაში იმ გემების წინააღმდეგ, რომლებსაც ირანიდან რუსეთისთვის სამხედრო ტვირთები გადაჰქონდათ, „ძალიან კარგი შედეგები“ დაფიქსირდა.
28 ივლისს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ანდრი სიბიჰამ ირანელ კოლეგასთან, აბას არაღჩისთან სატელეფონო საუბარში ხაზი გაუსვა, რომ კიევს ესკალაციის არიდება სურს.
ამასთან, აშშ-ში ვიზიტისას ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვაშინგტონს მიაწოდა სადაზვერვო მონაცემები იმის შესახებ, რომ რუსეთი ირანს ახლო აღმოსავლეთში არსებული ამერიკული სამხედრო ბაზების თანამგზავრულ ფოტოებს გადასცემს. უკრაინის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ირანი და ჩრდილოეთ კორეა რუსეთისთვის იარაღისა და სამხედრო პერსონალის მიწოდებით უკვე ჩართულნი არიან უკრაინის წინააღმდეგ ომში.