ლონდონის უნივერსიტეტის კოლეჯის მეცნიერებმა აღმოაჩინეს კავშირი გრძელვადიან ფინანსურ სირთულეებსა და ტვინის ჯანმრთელობის გაუარესებას შორის ხანდაზმულ ასაკში – კვლევის შედეგები გამოქვეყნდა ჟურნალ Innovation in Aging–ში, – იტყობინება Medical Xpress.

მკვლევრებმა გააანალიზეს დიდი ბრიტანეთის 2759 მოქალაქის მონაცემები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს ჯანმრთელობისა და განვითარების ეროვნულ კვლევაში, რომელიც ასევე ცნობილია როგორც 1946 წლის ბრიტანული კოჰორტული კვლევა.

პროექტის ფარგლებში, სპეციალისტები ათწლეულები აგროვებენ ინფორმაციას ინგლისში, შოტლანდიასა და უელსში დაბადებული ადამიანის შესახებ 1946 წლის ერთი კვირის პერიოდში.

2026 წლისთვის კვლევის მონაწილეებმა 80 წელს მიაღწიეს. ეს პროექტი მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ხანგრძლივ, ერთ თაობაზე დაფუძნებულ კვლევად ითვლება.

ფინანსური მდგომარეობა და კოგნიტიური შესაძლებლობები

მეცნიერებმა შეისწავლეს, თუ როგორ უკავშირდება ადამიანების ფინანსური მდგომარეობა ცხოვრების სხვადასხვა პერიოდში მათი ტვინის მდგომარეობას ხანდაზმულ ასაკში. ანალიზმა აჩვენა, რომ მონაწილეებმა, რომლებსაც მრავალი წლის განმავლობაში ფინანსური დეფიციტი ჰქონდათ, 53 წლის ასაკში მეხსიერებისა და აზროვნების სიჩქარის ამოცანებში უფრო ცუდი შედეგები აჩვენეს. 

ზოგიერთ მონაწილეს 69-71 წლის ასაკში ტვინის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიაც ჩაუტარდა. ექსპერტებმა აღმოაჩინეს, რომ ფინანსური სირთულეების ხანგრძლივი ისტორიის მქონე ადამიანებს ტვინის სტრუქტურაში ცვლილებები აღენიშნებოდათ: ტვინის ქსოვილის მოცულობა შემცირდა და პარკუჭები გაფართოვდა. თავის ტვინის პარკუჭები წარმოადგენს ღრუების სისტემას, რომლებიც სავსეა ცერებროსპინალური სითხით. ისინი ხელს უწყობენ ქალას შიდა წნევის შენარჩუნებას, ტვინის დაცვას და ცერებროსპინალური სითხის ცირკულაციას.

ვინ არის უფრო მგრძნობიარე ფინანსური სტრესის მიმართ?

მკვლევრებმა აღნიშნეს, რომ ფულთან დაკავშირებულ პრობლემებსა და ტვინის ფუნქციის გაუარესებას შორის კავშირი უფრო ძლიერი იყო მამაკაცებში, რთული ბავშვობის მქონე ადამიანებში და იმ გენის ვარიანტის მატარებლებში, რომელიც ზრდის ალცჰაიმერის დაავადების განვითარების რისკს.

კვლევის თანახმად, მამაკაცებს, რომლებსაც მუდმივი ფინანსური სირთულეები ჰქონდათ, 53 წლის ასაკში კოგნიტიურ ტესტებში უფრო დაბალი შედეგები ჰქონდათ, ვიდრე მსგავსი გამოცდილების მქონე ქალებს. მკვლევრებმა ივარაუდეს, რომ ეს შესაძლოა განპირობებული იყოს ამ ჯგუფის მამაკაცებში მოწევისა და ალკოჰოლის მოხმარების უფრო მაღალი გავრცელებით, ასევე მთავარი მარჩენლის ტრადიციული როლით გამოწვეული დამატებითი სტრესით.

კვლევის ავტორებმა გამოავლინეს ორი შესაძლო მექანიზმი, რომლებიც ხსნიან ფინანსური პრობლემების ტვინზე გავლენას. პირველი დაკავშირებულია ქრონიკულ სტრესთან, რომელსაც შეუძლია ორგანიზმში ანთებითი პროცესების გამოწვევა და ასაკთან დაკავშირებული ცვლილებების დაჩქარება. მეორე მექანიზმი ფულზე ფიქრის მუდმივ ტვირთს გულისხმობს. მეცნიერების აზრით, სახსრების ნაკლებობაზე ფიქრებმა შეიძლება დაიკავოს კოგნიტიური რესურსები, რომლებიც სხვა შემთხვევაში კონცენტრაციისთვის, სწავლისა და ინფორმაციის დამახსოვრებისთვის იქნებოდა გამოყენებული.

წყარო: snob.ru