საფრანგეთის პრეზიდენტი ირანს „საპასუხო ზომებით“ ემუქრება, თუ თეირანი ისრაელის სასარგებლოდ ორი ფრანგის ჯაშუშობის ბრალდებას მხარს დაუჭერს. სესილ კოლერი და ჟაკ პარისი, სამ წელზე მეტია, თეირანში ჰყავთ დაკავებულები და სიკვდილით დასჯა ემუქრებათ. ემანუელ მაკრონმა ჯაშუშობის ბრალდებას „საფრანგეთის წინააღმდეგ მიმართული პროვოკაცია“ და „აგრესიის მიუღებელი ფორმა“ უწოდა.

ემანუელ მაკრონი როკფორ-სიურ-სულზონს (სამხრეთ საფრანგეთი) ესტუმრა, რომ როკფორის ყველის წარმოების 100 წლის იუბილის აღნიშვნას დასწრებოდა. 2025 წლის 3 ივლისივალენტინ შაპუიზი / სააგენტო „ფრანს პრესი“

სესილ კოლერი და ჟაკ პარისი 2022 წლის მაისში, ირანში ტურისტული მოგზაურობის დროს, იმ ქვეყნის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს, რომელიც, ჯერჯერობით, ბოლომდე დაკონკრეტებული არ არის. თუმცა, დაკავებულებთან და დიპლომატებთან დაახლოებული წყაროების თანახმად, რომელთა ნათქვამსაც სააგენტო „ფრანს პრესი“ ციტირებს, წყვილს ახლახან ბრალი „ისრაელის სადაზვერვო სამსახურის (მოსადი) სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის“, „რეჟიმის დამხობის მიზნით, შეთქმულებაში მონაწილეობისთვის“ და „კორუფციისთვის“ წაუყენეს.

ხუთშაბათს, ჟურნალისტებთან საუბრისას, მაკრონმა ამ ბრალდებებს „საფრანგეთის წინააღმდეგ მიმართული პროვოკაცია“ და „აგრესიის მიუღებელი ფორმა“ უწოდა.

„უბრალოდ, ვიტყოდი, რომ ეს ფანტასტიკაა, კრიმინალზე საუბარი კი ხომ საერთოდ ზედმეტია“, - დასძინა მან.

საფრანგეთის პრეზიდენტი ირანს „საპასუხო ზომებით“ დაემუქრა, თუ ის ისრაელის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებას წაუყენებს სესილ კოლერს და ჟაკ პარისს, რომლებიც თეირანში ჰყავთ დაკავებულები და სიკვდილით დასჯის საფრთხე ემუქრებათ. თუმცა, მაკრონს არ დაუკონკრეტებია ის ზომები, რომლებიც შეიძლება ასეთ შემთხვევაში იყოს გამოყენებული.

„პასუხი არ დააყოვნებს“, - აფრთხილებს თეირანს საფრანგეთის პრეზიდენტი.

საფრანგეთის სახელმწიფოს მეთაური ამბობს, რომ აპირებს ამ საკითხზე უახლოეს მომავალში ირანელ კოლეგასთან, მასუდ ფეზეშკიანთან ისაუბროს, თუმცა, თეირანს ჯერ არ დაუდასტურებია, წაუყენეს თუ არა სესილ კოლერსა და ჟაკ პარისს ახალი ბრალდებები.

„ეს საღ აზრს მოკლებულია“

მაკრონამდე უფრო ადრე, იმ ბრალდებებს, რისთვისაც ირანში დაკავებულ ორ ფრანგს სიკვდილით დასჯით ემუქრება, საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი, ფრანსუა ბაირუ გამოეხმაურა და მას „სიგიჟე“ უწოდა.

„თქვენ, ალბათ, ხვდებით, რა სიგიჟეა ეს ყველაფერი! ესენი არიან პროფკავშირების აქტივისტები, რომლებიც ირანში მოგზაურობდნენ და ქალთა უფლებებისთვის მებრძოლი დემონსტრანტების ბედით იყვნენ შეწუხებულები“, - აღშფოთდა ფრანსუა ბაირუ BFMTV-ზე გამოსვლისას.

„ისინი ამ ადამიანებს ისრაელის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ადანაშაულებენ, რაც საღ აზრს მოკლებულია“, - დასძინა მან.

ლიტერატურის 40 წლის მასწავლებელი, სესილ კოლერი და მისი 72 წლის პარტნიორი, ჟაკ პარისი 2022 წლის 7 მაისს, ირანში ტურისტული მოგზაურობის ბოლო დღეს დააკავეს, ახლა კი მათ სამი ბრალდება წაუყენეს, რომელთაგან თითოეული სიკვდილით დასჯას ითვალისწინებს.

1 არხი