ტექნოინდუსტრიის გავლენიანი მილიარდერი უკან იხევს. ილონ მასკის საჯარო ბოდიში ძალაუფლებისთვის გაჩაღებულ ბრძოლას წერტილს უსვამს და ამერიკაში ძალთა ჭეშმარიტ თანაფარდობაზე მეტყველებს.

„ვწუხვარ გასულ კვირას პრეზიდენტ ტრამპის შესახებ გამოქვეყნებული ზოგიერთი ჩემი პოსტის გამო. ეს მეტისმეტი იყო“. ამ ტვიტით დასრულდა აშშ-ს უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სანახაობრივი ბრძოლა ძალაუფლებისთვის. ილონ მასკმა, ოდესღაც დონალდ ტრამპის უახლოესმა მოკავშირემ, შემდეგ კი სასტიკმა მოწინააღმდეგემ, ბოდიში საჯაროდ მოიხადა და... ნაჯახი ძირს დაუშვა. უფრო სწორად, მიწაზე დააგდო. „ვარდების ომში“ მხოლოდ ერთი პერსონა დამარცხდა. ეს ილონ მასკია.

განცხადებით უკან დახევა

მასკის ტვიტი არა მხოლოდ მტრობის დასრულებას, არამედ სტრატეგიულ უკანდახევასაც ნიშნავს. სულ რამდენიმე დღის წინ მასკმა ტრამპის იმპიჩმენტის საკითხი წამოჭრა და პრეზიდენტის სახელი სექსუალურ დამნაშავე ჯეფრი ეპშტეინთან დააკავშირა. ამას საჯარო მონანიება მოჰყვა, რაც, როგორც ჩანს, რამდენიმე მხრიდან მასზე ერთდროული ზეწოლის შედეგია.

მაღალი რანგის რესპუბლიკელებმა, ისევე როგორც მსხვილი კორპორაციების აღმასრულებელმა დირექტორებმა კულისებში მასკს თავშეკავებისკენ მოუწოდეს. მის მიერ არჩეულმა დაპირისპირების კურსმა ზიანი არა მხოლოდ მისივე კომპანიებს, განსაკუთრებით „ტესლას“ და „სპეისექსს“, არამედ კონსერვატიულ მოძრაობასაც მიაყენა. დონორები ანერვიულდნენ. აქციების ფასები დაეცა. და ტრამპი? ის, უბრალოდ, გულხელდაკრეფილი უკან უნდა მდგარიყო და მოვლენების განვითარებას დალოდებოდა.

რატომ წააგო მასკმა ძალაუფლებისთვის ბრძოლა?

1) პოლიტიკური ძალა პლატფორმის ძალაზე იმარჯვებს

მასკი შეიძლება „იქს“ (ყოფილი „ტვიტერი“) პლატფორმას აკონტროლებდეს, მაგრამ ტრამპი აკონტროლებს სახელმწიფო აპარატს - და რესპუბლიკური პარტიის აპარატს. „ტესლასთვის“ სამთავრობო კონტრაქტების არგაფორმების მუქარამ მყისიერი ეფექტი გამოიღო. მასკმა იგრძნო, რას ნიშნავდა დაპირისპირებოდა მოწინააღმდეგეს, რომელიც არა მხოლოდ ტვიტებს წერს, არამედ კანონებსაც.

2) მასკი პოლიტიკურად იზოლირებულია

მედიაში მისი გავლენის მიუხედავად, მასკს პოლიტიკაში მდგრადი ძალაუფლების ბაზა არ გააჩნია. ლიბერტარიანელი მეწარმე მეგობრები საკმარისი არ არის, როდესაც პრეზიდენტის ზურგს უკან პარტიის ხელმძღვანელობა, კონგრესი, მედიასაშუალებები და ინფლუენსერები დგანან. მასკი, მოულოდნელად, მემარჯვენე ძალების თამაშში მარტო აღმოჩნდა.

3) ბაზარი მყისიერად რეაგირებს

ერთ კვირაში „ტესლამ“ საფონდო ბირჟაზე ღირებულების 18 პროცენტი დაკარგა. „სპეისექსიც“ ზეწოლის ქვეშ მოექცა. ინვესტორები სულ უფრო ხშირად სვამდნენ კითხვას: არის თუ არა მასკი ისევ პროგნოზირებადი? ამიტომ, საჯარო ბოდიშით ფინანსურ ბაზრებს მნიშვნელოვანი სიგნალი გაეგზავნა: აღმასრულებელი დირექტორი კვლავ ავლენს პასუხისმგებლობის გრძნობას.

დასკვნა

ილონ მასკმა დონალდ ტრამპთან ბრძოლა წააგო, რადგან მან მოწინააღმდეგის პოლიტიკური ძალა სათანადოდ არ შეაფასა, საკუთარი შესაძლებლობები კი გადააფასა. მას სჯეროდა, რომ პრეზიდენტს პოპულარობითა და გავლენით აჯობებდა, მაგრამ დამარცხდა სისტემის გამო, რომელიც სახელისუფლებო ბალანსზეა ორიენტირებული და არა შორსმიმავალ გათვლებზე. მისი ბოდიში მხოლოდ პოლიტიკური სიგნალი არ არის - ეს არის აშკარა დამარცხების აღიარება.

და ახლა?

ამ დროისთვის ზავი შეიძლება შენარჩუნდეს, მაგრამ რამდენად სტაბილური და გრძელვადიანია ის, ძნელი სათქმელია. ორივე პერსონა იმპულსურია, შურისმაძიებლად მიიჩნევა და ძლიერი მისიის განცდა არცერთს არ აკლია. თუ მასკი კვლავ გადააბიჯებს ზღვარს - იქნება ეს ტრამპის პოლიტიკის კრიტიკა თუ საგარეო პოლიტიკაში ცალკე თამაშის წამოწყება, მაგალითად, „სტარლინკის“ საშუალებით - დავა შეიძლება უმალ განახლდეს. თანაც, შემდეგი რაუნდი შეიძლება კიდევ უფრო არაპროგნოზირებადი გახდეს, რადგან ძალაუფლებისთვის გაჩარებულმა ამ ბრძოლამ აჩვენა: როდესაც ორი ალფა-ეგო ერთმანეთს ეჯახება, ეს იშვიათად ეხება მხოლოდ შინაარსს - ეს ყოველთვის ყველაფერს ეხება.

"საზოგადოებრივი მაუწყებელი"