იელის უნივერსიტეტის სამმა ცნობილმა პროფესორმა განაცხადა, რომ აშშ-ს ტოვებენ, რადგან შეშფოთებულები არიან პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მოსვლის შემდეგ გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვით და იმით, რომ „შეერთებული შტატები ფაშიზმისკენ მიექანება“.
ორმა ისტორიკოსმა, ტიმოთი სნაიდერმა და მარსი შორმა, ასევე ფაშიზმის საკითხების სპეციალისტმა, მკვლევარმა ჯეისონ სტენლიმ განმარტეს, თუ რატომ გადაწყვიტეს ტორონტოს უნივერსიტეტში გადასვლა.
გერმანული გაზეთის, „დი ცაიტის“ ციფრულ ვერსიასთან საუბრისას, სტენლიმ აღნიშნა, რომ გადაწყვეტილება კოლუმბიის უნივერსიტეტზე მზარდი ზეწოლის გამო მიიღო, რაც იმაში გამოიხატა, რომ უნივერსიტეტს მოსთხოვეს, პროტესტის გამოხატვის მარეგულირებელი წესებისთვის, ასევე ახლო აღმოსავლეთის საკითხების კვლეევბის პროგრამისთვის გადაეხედა. მისივე განცხადებით, ეს ტენდენცია გასული წლის მასობრივი თუ სპონტანური პროტესტების შემდეგ დაიწყო.
მკვლევარის აზრით, პრეზიდენტ ტრამპის მიერ იანვარში თანამდებობის დაკავების შემდეგ განვითარებული მოვლენები მიუთითებს, რომ ქვეყანაში „ფაშიზმი“ იკიდებს ფეხს.
თავის მხრივ, ქალბატონმა შორმა „ტორონტო თუდეის“ ციფრულ ვერსიას განუცხადა, რომ ტრამპის ადმინისტრაციის ბოლოდროინდელმა გადაწყვეტილებებმა აღაშფოთა როგორც ის, ასევე მისი მეუღლე. მარსი შორს მხედველობაში აქვს უნივერსიტეტების დაფინანსების შემცირება და გამოძიებების დაწყება იმის გამო, რომ ღაზას სექტორში მიმდინარე ომის საწინააღმდეგო პროტესტების დროს, უნივერსიტეტების კოლეჯებმა ებრაელი სტუდენტები არ დაიცვეს.
„ტორონტო და მისი უნივერსიტეტი ძალიან მიმზიდველია, თუნდაც ფაშიზმში ამერიკის ჩაძირვის გათვალისწინების გარეშე“, - განუცხადა აკადემიკოსმა კანადურ ყოველდღიურ გამოცემას.
„დიახ. ამერიკაში მიმდინარე კატასტროფამ დიდი როლი ითამაშა ჩვენს გადაწყვეტილებაში“,- განაგრძო მან და დასძინა: „მეშინია, რომ სამოქალაქო ომი დაიწყება“.
ტრამპის ადმინისტრაციის მიერ კოლუმბიის უნივერსიტეტისთვის ფედერალური დაფინანსების 400 მილიონი დოლარით შემცირების გამოცხადების შემდეგ, დეკანატმა გამოაცხადა, რომ გადახედავს როგორც პროტესტის გამოხატვის წესებს, ისე ახლო აღმოსავლეთის საკითხების კვლევის პროგრამებს.
სტენლის თქმით, უნივერსიტეტის ლიდერები არიან „მხდალები", ხოლო უმაღლეს სასწავლებლებში ავტორიტარიზმი და მთავრობის ჩარევა ძლიერდება.
28 მარტს, კოლუმბიის უნივერსიტეტის ხელმძღვანელი კატრინა არმსტრონგი გადადგა მას შემდეგ, რაც ინსტიტუტის გადაწყვეტილებას დამორჩილებოდა აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ მოთხოვნილ რეფორმების კრიტიკა მოჰყვა.
აშშ-ს ფედერალურმა მთავრობამ მარტის დასაწყისში კოლუმბიის უნივერსიტეტს $400 მილიონის გრანტი შეუჩერა და დაიმუქრა, რომ ყველა მომავალ დაფინანსებას შეწყვეტდა, თუ უნივერსიტეტი არ დათანხმდებოდა იმ ზომებს, რომლებიც, მთავრობის მტკიცებით, კამპუსში ანტისემიტიზმის აღმოფხვრისთვის იყო აუცილებელი.
კოლუმბიის უნივერსიტეტმა არ გაასაჩივრა ეს მოთხოვნები, მიუხედავად იმისა, რომ იურიდიული ექსპერტები მთავრობის ქმედებებს სამართლიანი პროცედურების დარღვევად მიიჩნევდნენ და პროფესორ-მასწავლებლები შეშფოთებას გამოხატავდნენ, რომ ეს ზომები აკადემიურ დამოუკიდებლობასა და სიტყვის თავისუფლებას საფრთხეს უქმნიდა.
Financial Times წერს, რომ არმსტრონგი რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა—მას უნივერსიტეტის წინააღმდეგ მთავრობის თავდასხმებისა და დაფინანსების შემცირების მოგერიებდა უწევდა, თუმცა ამავდროულად, პროფესორებისა და სტუდენტების მხრიდან ზეწოლას განიცდიდა, რომლებიც მთავრობის მოთხოვნების დაკმაყოფილებას ეწინააღმდეგებოდნენ.
უნივერსიტეტი ცდილობდა, თავიდან აეცილებინა სარჩელები, რომლებიც ტრამპის ადმინისტრაციის მოქმედებებს გაასაჩივრებდა. თუმცა, ამ კვირის დასაწყისში, ორმა ამერიკულმა ორგანიზაციამ უნივერსიტეტის პროფესორებსა და მასწავლებლების სახელით, სარჩელი შეიტანა მთავრობის მოთხოვნების წინააღმდეგ.
დონალდ ტრამპის ადმინისსტრაციას კოლუმბიის უნივერსიტეტისთვის ჯერ კიდევ არ აღუდგენია $400 მილიონის ღირებულების გრანტი, ხოლო სხვა უნივერსიტეტებზე ზეწოლა გააძლიერა.
ცნობისთვის, კოლუმბიის უნივერსიტეტი გასული წლის პროპალესტინური სტუდენტური საპროტესტო აქციების ეპიცენტრი იყო, რომელიც ღაზის სექტორში მიმდინარე ომსა და ისრაელისადმი აშშ-ს მხარდაჭერას აპროტესტებდა.
10 მარტს, მაჰმუდ ხალილი, სტუდენტი, რომელიც გასულ წელს ნიუ-იორკში, კოლუმბიის უნივერსიტეტის კამპუსზე გამართული საპროტესტო აქციების ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ლიდერი იყო, აშშ-ს ფედერალური იმიგრაციის ოფიცრებმა დააკავეს.
ხალილს საიმიგრაციო ორგანოს ოფიცრებმა უთხრეს, რომ მას სტუდენტური ვიზა გაუუქმდა, თუმცა ადვოკატის ცნობით, მისი კლიენტი აშშ-ს კანონიერი და მუდმივი რეზიდენტია, აქვს მწვანე ბარათი და ჰყავს ამერიკელი მეუღლე.