ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტი International Business Machines-ი პოზიციებისთვის, რომლებიც მომავალ ხუთ წელიწადში შესაძლოა ხელოვნური ინტელექტის (AI) მიერ ჩანაცვლდეს, თანამშრომელთა დაქირავების შეწყვეტას განიხილავს. კომპანიის სამომავლო გეგმის შესახებ განცხადება IBM-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, არვინდ კრიშნამ Bloomberg News-სთან გააკეთა და დასძინა, რომ დაახლოებით 7,800 სამუშაო ადგილი უახლოეს მომავალში შესაძლოა სწორედ AI-მ ჩაანაცვლოს.

IBM-ის გეგმით, თანამშრომელთა დაქირავების ტემპი შენელდება ან სრულად შეჩერდება ბექ-ოფისის ფუნქციებში, მათ შორის ადამიანური რესურსების განყოფილებაში. კრიშნას ინფორმაციით, დასაქმებულთა რიცხვი, რომელთაც პირდაპირი კონტაქტი არა აქვთ მომხმარებელთან, დაახლოებით 26,000-ს ადამიანს აღწევს, მომავალ ხუთ წელიწადში კი მათი 30%-ის ჩანაცვლება ხელოვნური ინტელექტისა და ავტომატიზაციის საშუალებით მარტივად წარმოსადგენია. ეს კი ნიშნავს, რომ უახლოეს მომავალში, კომპანიაში AI-ის მიერ დაახლოებით 7,800 სამუშაო ადგილი ჩანაცვლება.

ამ ეტაპზე International Business Machines-ში დაახლოებით 260,000 ადამიანია დასაქმებული. კომპანია აქტიურად აგრძელებს პროგრამული უზრუნველყოფის დეპარტამენტის და მომხმარებელთან პირდაპირი ურთიერთობის პოზიციებისთვის კადრების დაქირავებას. კრიშნას განცხადებით, წარსულთან შედარებით დღეს ტალანტების პოვნა ბევრად უფრო მარტივია. ცნობისთვის, კომპანიამ წლის დასაწყისში 5,000 სამუშაო ადგილის შემცირება დააანონსა.

IBM-ის აღმასრულებელმა დირექტორმა კადრების ხელოვნური ინტელექტით ჩანაცვლებაზე განცხადება სწორედ მაშინ გააკეთა, როდესაც მსოფლიო მასშტაბით ChatGPT-ის პოპულარობა პიკს აღწევს. შეგახსენებთ, რომ OpenAI-იმ თავისი ვირუსული ჩატბოტი, ChatGPT-ი, გასული წლის ნოემბერში, Microsoft Corp-ის მხარდაჭერით გამოუშვა.

forbes.ge