აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ჰარვარდის უნივერსიტეტი საგადასახადო შეღავათებს ბოროტად იყენებს.
„ჰარვარდი სამარცხვინოა, მათი ქმედებები სამარცხვინოა. მათ აშკარად ანტისემიტური პოზიცია აქვთ. საგადასახადო შეღავათების სტატუსი – პრივილეგიაა. ეს ნამდვილად პრივილეგიაა. ამას ბოროტად იყენებენ არა მხოლოდ ჰარვარდში, არამედ ბევრ სხვა დაწესებულებაშიც. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
„სიენენის“ ცნობით, აშშ-ის შემოსავლების სამსახური ჰარვარდის საგადასახადო შეღავათების გაუქმებას გეგმავს.
ჰარვარდის უნივერსიტეტის განცხადებაში ნათქვამია, რომ საგადასახადო შეღავათების გაუქმებას სამართლებრივი საფუძველი არ აქვს. უნივერსიტეტში აღნიშნეს, რომ ასეთი ქმედება უპრეცედენტო იქნება, შეამცირებს სტუდენტებისთვის ფინანსურ დახმარებას და გამოიწვევს ზოგიერთი მნიშვნელოვანი სამედიცინო კვლევითი პროგრამის შეწყვეტას.
წყარო: 1არხი