გრენლანდიასთან დაკავშირებით რაღაც უნდა გავაკეთოთ, მარტივი ან რთული გზით, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში ნავთობისა და გაზის კომპანიების დირექტორებთან შეხვედრაზე განაცხადა.

„გრენლანდიაში რუსეთი და ჩინეთი არ გვსურს. თუ ჩვენ გრენლანდიას არ დავიკავებთ, მაშინ თქვენ კარის მეზობლად რუსეთი და ჩინეთი გეყოლებათ. ეს არ მოხდება. ჯერჯერობით, გრენლანდიისთვის თანხებზე არ ვსაუბრობთ. მაგრამ, რაღაც უნდა გავაკეთოთ, მიუხედავად იმისა, მოსწონთ თუ არა მათ ეს. რადგან, თუ ჩვენ არ ვიმოქმედებთ, მაშინ რუსეთი და ჩინეთი გრენლანდიაზე კონტროლს დაამყარებენ“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, თუ გრენლანდიასთან დაკავშირებით შეთანხმების დადებას „მარტივი გზით“ ვერ შეძლებს, მაშინ ამას „რთული გზით“ გააკეთებს.

„მე დანიის დიდი გულშემატკივარი ვარ. ჩემ მიმართ ყოველთვის კეთილგანწყობას იჩენენ. მაგრამ, ის ფაქტი, რომ მათ 500 წლის წინ იქ ნავი გააჩერეს, არ ნიშნავს, რომ მიწას ისინი ფლობენ. დარწმუნებული ვარ, იქ ჩვენც ბევრი ნავი გვყავდა. ასე რომ, რაღაც უნდა გავაკეთოთ, მარტივი ან რთული გზით“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

www.interpressnews.ge