გერმანიის მომავალი კანცლერის, ფრიდრიხ მერცის კონსერვატორებმა, „სოციალ დემოკრატებთან“ კოალიციური შეთანხმება დადეს.
ოფიციალურ პირებს მომავალი მთავრობის შემადგენლობაზე დეტალურად არ უსაუბრიათ, თუმცა დასავლურ მედიაში ძირითადი სამინისტროების მომავალი სავარაუდო ხელმძღვანელების შესახებ ინფორმაცია ვრცელდება.
ფრიდრიხ მერცის მემარჯვენე-ცენტრისტული „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი“ საგარეო და ეკონომიკის სამინისტროებს ჩაიბარებს, „სოციალ დემოკრატები“ კი ფინანსთა და თავდაცვის სამინისტროების პორტფელებს მიიღებენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს „ქრისტიან დემოკრატიული კავშირის“ ბავარიელი მოკავშირის, „ქრისტიან სოციალური კავშირის“ წევრი უხელმძღვანელებს.
დასავლური მედიის ინფორმაციით, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი სავარაუდოდ „ქრისტიან დემოკრატიული კავშირის“ ვეტერანი დეპუტატი და საპარლამენტო ჯგუფის ლიდერის მოადგილე, რომელიც ორიენტირებულია საგარეო და თავდაცვის პოლიტიკაზე, იოჰან ვადეფული გახდება.
დასავლური მედიის შეფასებით, მისი დანიშვნა მიუთითებს დიპლომატიის უფრო ტრადიციულ სტილზე დაბრუნებაზე, საგარეო საქმეთა მინისტრის, ანალენა ბაერბოკის მმართველობის შემდეგ, რომელიც მხარს უჭერდა “ფემინისტურ საგარეო პოლიტიკას”. დასავლური მედია გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატად ასევე ასახელებს ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის ფედერალური მიწის პრემიერ-მინისტრს, არმინ ლაშეტს, რომელიც აქტიურია საერთაშორისო ფორუმებზე. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე ასევე განიხილება საპარლaმენტო ჯგუფის ლიდერის მოადგილე, იენს შპანი, რომელიც არ არის საგარეო პოლიტიკის სპეციალისტი, მაგრამ მისი ძლიერი ქსელი შეერთებულ შტატებთან, განსაკუთრებით მისი კავშირები რესპუბლიკელებთან, განიხილება როგორც აქტივი.
დასავლური მედიის ინფორმაციით, გერმანიის თავდაცვის მინისტრის თანამდებობას სავარაუდოდ ბორის პისტორიუსი შეინარჩუნებს, რომელიც მუდმივად იკავებს გერმანიის პოპულარულ პოლიტიკოსებს შორის ადგილს. გერმანიის ფინანსთა მინისტრის თანამდებობაზე „სოციალ დემოკრატიული პარტიის“ წევრი ლარს კლინგბეილი განიხილება. კლინგბეილი პარტიის ერთ-ერთ ყველაზე დისციპლინირებულ წევრად და საკვანძო ფიგურად მიიჩნევა შოლცის შემდგომ გარდამავალ პერიოდში. ფინანსთა მინისტრის პორტფელი შესაძლოა, ჩააბარონ ოლაფ შოლცის მრჩეველს, იორგ კუკიესს, რომელსაც აშშ-ის საინვესტიციო ბანკში, „გოლდმან საქსში“ მუშაობის გამოცდილებაც აქვს. გერმანიის ეკონომიკის მინისტრის თანამდებობაზე ერთ კანდიდატს, ფრიდრიხ მერცის უახლოეს მოკავშირეს, კარსტენ ლინემანს განიხილავენ, რომელიც დერეგულირების და ფისკალური დისციპლინის მხარდამჭერია. გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობას სავარაუდოდ ტრანსპორტის ყოფილი მინისტრი ალექსანდერ დობრინდტი დაიკავებს, რომელიც ცნობილია თავისი მკაცრი რიტორიკით მიგრაციისა და პოლიციის შესახებ, რაც მას შესაფერისად კანდიდატად აქცევს მერცის მიერ დაპირებული მიგრაციის შემცირების განსახორციელებლად.