ბერლინის გენერალურმა პროკურატურამ, 20 თებერვალს, ფულის გათეთრების რუსულ-ევრაზიული ქსელის გამჟღავნების შესახებ გამოაცხადა. ამის შესახებ DW იუწყება.
უწყების ცნობით, საუბარია რამდენიმე ათეული მილიონი ევროს უკანონო ფულზე, რომლის წარმომავლობასაც მალავდნენ.
გამოძიების ფარგლებში გერმანელმა გამომძიებლებმა გაჩხრიკეს 58 საცხოვრებელი და კომერციული შენობა ბერლინის, ბრანდენბურგის, ბადენ-ვიურტემბერგისა და საქსონიის ფედერალურ შტატებში. გარდა ამისა, Eurojust-ისა და Europol-ის მხარდაჭერით, ჩხრეკა განხორციელდა ლატვიასა და მალტაში. ჩხრეკისას ამოღებულია საქმიანი დოკუმენტები და მობილური ტელეფონები.
საქმეზე 11 ბრალდებული 31-დან 58 წლამდე ასაკისაა, სხვა დეტალები უცნობია. გამოძიების თანახმად, ფულის გათეთრების მიზნით, მათ შექმნეს კომპანიების ქსელი, რომელიც დაფუძნებულია მალტის ფინანსურ ინსტიტუტში. გამომძიებლები მიიჩნევენ, რომ ჯგუფი ძირითადად ბერლინიდან და რიგიდან მოქმედებდა.
ამ საქმეში ლატვიასა და გერმანიაში პარალელურ საგამოძიებო მოქმედებებს ხელი შეუწყო 2023 წლის დეკემბერში გერმანია-ლატვიის ერთობლივი საგამოძიებო ჯგუფის (Joint Investigation Team) შექმნამ.