Reuters/Ipsos-ის გამოკითხვის შედეგები აჩვენებს, რომ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის რეიტინგი თეთრ სახლში დაბრუნების შემდეგ ყველაზე დაბალ ნიშნულამდე დაეცა.
„როიტერის“ ინფორმაციით, ექვსი დღის განმავლობაში ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, რესპონდენტთა დაახლოებით 42%-მა მოიწონა ტრამპის საქმიანობა პრეზიდენტის თანამდებობაზე, ამასთან, სამი კვირის წინ Reuters/Ipsos-ის გამოკითხვამ 43%-იანი რეიტინგი აჩვენა, ხოლო იანვარში, ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ – 47%.
როგორც „როიტერი“ წერს, მიუხედავად იმისა, რომ ტრამპის რეიტინგი რჩება უფრო მაღალი, ვიდრე ჯო ბაიდენის რეიტინგი მისი პრეზიდენტობის უმეტესი პერიოდის განმავლობაში, Reuters/Ipsos-ის გამოკითხვის შედეგები მიუთითებს, რომ ბევრი ამერიკელი უკმაყოფილოა ტრამპის ნაბიჯებით.
გამოკითხვის შედეგებით, 4 306 რესპონდენტიდან დაახლოებით 83%-მა განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი უნდა დაემორჩილოს ფედერალური სასამართლოს გადაწყვეტილებებს, თუნდაც მას ეს არ სურდეს. 57% არ დაეთანხმა მოსაზრებას, რომ „აშშ-ის პრეზიდენტისთვის ნორმალურია უნივერსიტეტების დაფინანსების შეწყვეტა, თუ პრეზიდენტი არ ეთანხმება მათი მართვის წესს“. 66% არ ფიქრობს, რომ პრეზიდენტი უნდა აკონტროლებდეს კულტურულ დაწესებულებებს, როგორებიცაა ეროვნული მუზეუმები და თეატრები.
გამოკითხვამ აჩვენა, რომ მთელ რიგ საკითხებთან მიმართებაში, როგორებიცაა ინფლაცია, იმიგრაცია და სხვა, „ამერიკელები, რომლებსაც არ მოსწონთ ტრამპის საქმიანობა, უფრო მეტნი არიან, ვიდრე ისინი, ვისაც მოსწონს“.
ამასთან, რესპონდენტების დაახლოებით 59%-მა, მათ შორის რესპუბლიკელების მესამედმა, განაცხადა, რომ ამერიკა კარგავს ავტორიტეტს მსოფლიო არენაზე.
როგორც „როიტერი“ აღნიშნავს, გამოკითხვას, შესაძლოა, ჰქონდეს დაახლოებით 2 პროცენტამდე ცდომილება.