გაფართოების პროცესი მნიშვნელოვანია არა მხოლოდ კანდიდატი ქვეყნებისთვის, არამედ თავად ევროკავშირისთვისაც, განსაკუთრებით დღევანდელ მსოფლიოში, – ამის შესახებ თურქეთის ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაში თურქეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ ანტალიის დიპლომატიის ფორუმზე განაცხადა.
„ევროკავშირის წამყვანმა წევრმა ქვეყნებმა და თავად ევროკავშირმა, ფაქტობრივად, უნდა შეცვალონ მიდგომა არა ცოტათი, არამედ საფუძვლიანად და სრულად. გაფართოების პროცესი მნიშვნელოვანია არა მხოლოდ კანდიდატი ქვეყნებისთვის, არამედ თავად ევროკავშირისთვისაც, განსაკუთრებით დღევანდელ მსოფლიოში“, – განაცხადა ჩავუშოღლუმ.
თურქეთში ანტალიის დიპლომატიის ფორუმი იმართება. 2025 წლის ფორუმის მთავარი თემაა „დიპლომატიის აღდგენა ფრაგმენტულ სამყაროში“. ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე – „პარტნიორობა მულტიპოლარულ ეპოქაში“ სიტყვით გამოვიდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე.
ცნობისთვის, ევროკავშირის გაფართოების აუცილებლობაზე თავად ევროპული მხარეც საუბრობს. გაფართოების საკითხებში ევროკომისარ მარტა კოსის თქმით, გაფართოება ევროკავშირის "გეოპოლიტიკური აუცილებლობაა".
გამოცემა Le Monde-თან საუბრისას, კოსიმ განაცხადა, რომ ევროკავშირმა არცერთი კანდიდატი არ უნდა დაკარგოს.
"ჩვენ უნდა გავაგრძელოთ წინსვლა ისე, რომ არც ერთი კანდიდატი არ დავკარგოთ, რადგან ამან შესაძლოა ჩვენი დასუსტება გამოიწვიოს". - აღნიშნა ევროკომისარმა.
მისი თქმით, ევროკავშირმა მოქმედებისა და თავდაცვის უნარი უნდა შეინარჩუნოს.