გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი თანამდებობიდან გადადგა. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.
მან ეს განცხადება დაუნინგ სტრიტზე, ლეიბორისტულ პარტიაში არსებული მზარდი წნეხისა და რეიტინგის ვარდნის ფონზე გააკეთა.
სტარმერი პრემიერ-მინისტრის პოსტზე ახალი ლიდერის არჩევამდე დარჩება, რაც, სავარაუდოდ, სექტემბრამდე დასრულდება.
ცნობისთვის, წინა კვირაში თემთა პალატის შუალედური არჩევნების შედეგად სტარმერის თანაპარტიელმა, დიდი მანჩესტერის მერმა, ენდი ბერნემმა გაიმარჯვა. მიიჩნევენ, რომ სტარმერი ლეიბორისტული პარტიის ლიდერისა და, შესაბამისად, დიდი ბრიტანეთის პრემიერის თანამდებობაზე, შესაძლოა, სწორედ ბერნემმა შეცვალოს.
„ობზერვერის“ ინფორმაციით, ბერნემის კანდიდატურას, სულ მცირე, 200 ლეიბორისტი დეპუტატი უჭერს მხარს, რაც პარტიის საპარლამენტო ფრაქციის თითქმის ნახევარია.
პოლიტიკური კრიზისი დიდ ბრიტანეთში მას შემდეგ გამწვავდა, რაც 7 მაისს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები გაიმართა. შედეგად ლეიბორისტულმა პარტიამ პირველად დაკარგა კონტროლი უელსის პარლამენტზე. ინგლისის სხვადასხვა საკანონმდებლო ორგანოში ლეიბორისტების 1 400-ით ნაკლები წარმომადგენელი მოხვდა, ვიდრე პარტიას მანამდე ჰყავდა. სტარმერმა არჩევნებში მარცხზე პასუხისმგებლობა აიღო, თუმცა ლეიბორისტული პარტიის ლიდერისა და პრემიერ-მინისტრის პოსტების დატოვებაზე უარი განაცხადა.