2024 წლის აღწერის შედეგების მიხედვით, ეროვნებით ქართველი მოსახლეობის რიცხოვნობა 2014 წელთან შედარებით 2.5 პროცენტით გაიზარდა და 3 304 075 კაცი შეადგინა. თუმცა, მთლიან მოსახლეობაში ეროვნებით ქართველი მოსახლეობის წილი 86.8 პროცენტიდან 84.1 პროცენტამდე შემცირდა. ინფორმაციას საქსტატი აქვეყნებს.

„მეორე უმსხვილეს ეთნიკურ ჯგუფს 268 832 კაცით (6.8 პროცენტი) აზერბაიჯანელები წარმოადგენენ, რომელთა რიცხოვნობა 15.4 პროცენტით გაიზარდა, ხოლო მესამე ჯგუფს 169 296 კაცით (4.3 პროცენტი) ეროვნებით სომეხი მოსახლეობა წარმოადგენს, რომელთა რიცხოვნობა 2014 წლის აღწერასთან შედარებით 0.7 პროცენტითაა გაზრდილი.

ეროვნებით რუსი მოსახლეობის რაოდენობა აღწერათაშორის პერიოდში 60.8 პროცენტით გაიზარდა და 42 545 კაცი შეადგინა. ინდოელი ეროვნების მოსახლეობა 446 კაციდან 23 996 კაცამდე გაიზარდა. უკრაინელთა რიცხოვნობა 139.4 პროცენტით გაიზარდა და 14 443 კაცი შეადგინა. არაბი ეროვნების მოსახლეობა 609 კაციდან 12 533 კაცამდე, ბელარუსელთა რიცხოვნობა 431 კაციდან 4 558 კაცამდე, ხოლო ირანელთა რიცხოვნობა 217 კაციდან 4 304 კაცამდე გაიზარდა.

აფხაზი ეროვნების მოსახლეობა 5 პროცენტით გაიზარდა და 907 კაცი შეადგინა. ამავე პერიოდში ოსი ეროვნების მოსახლეობა 12.3 პროცენტით შემცირდა და 12 611 შეადგინა, ხოლო იეზიდთა რაოდენობა 7.0 პროცენტითაა შემცირებული და 11 324 კაცი შეადგინა“, - წერია საქსტატის ინფორმაციაში.

საქსტატის ინფორმაციით, აღწერამ მოიცვა ქვეყნის მთელი ტერიტორია ოკუპირებული ტერიტორიების გარდა. საერთაშორისო მეთოდოლოგიის მიხედვით, აღწერას დაექვემდებარა ქვეყანაში მუდმივად მცხოვრები საქართველოს ყველა მოქალაქე, ასევე ქვეყნის ტერიტორიაზე მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქეები და მოქალაქეობის არმქონე პირები.

მოსახლეობის გამოთვლის მომენტად (აღწერის კრიტიკული მომენტი) განისაზღვრა 13-14 ნოემბრის შუაღამის 12 საათი, რომლის მიხედვითაც განხორციელდა ფაქტების რეგისტრაცია, ხოლო სასოფლო-სამეურნეო აღწერას დაექვემდებარა ყველა ის შინამეურნეობა და იურიდიული პირი, რომელსაც 2024 წლის 1 ოქტომბრის მდგომარეობით, საკუთრებაში ან დროებით სარგებლობაში ჰქონდა სასოფლო-სამეურნეო მიწა, ან ჰყავდა პირუტყვი, ფრინველი ან ფუტკრის ოჯახი, მიუხედავად იმისა, საანგარიშო წელს აწარმოა თუ არა რაიმე სახის სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია.

აღწერის ფარგლებში, მონაცემები შეგროვდა ელექტრონულად, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით. პროცესი ორ ეტაპად განხორციელდა: პირველ ეტაპზე (2024 წლის 14-23 ნოემბერი) გამოყენებული იქნა თვითრეგისტრაციის მეთოდი (CAWI), ხოლო მეორე ეტაპზე (29 ნოემბრიდან – 31 დეკემბერი) – კომპიუტერის დახმარებით პერსონალური ინტერვიუს მეთოდი (CAPI). ამასთან, იმის გათვალისწინებით, რომ ნოემბერ-დეკემბრის პერიოდში ზოგიერთ მაღალმთიან და ძნელად მისადგომ დასახლებაში ამინდის შესაძლო გაუარესების გამო გართულდებოდა საველე სამუშაოების ჩატარება, მესტიის, ყაზბეგის, ლენტეხის, ნაწილობრივ ახმეტისა (ომალოს ადმინისტრაციული ერთეული) და დუშეთის (გუდამაყრის, მაღაროსკარის, უკანაფშავის, ქვეშეთის, შატილისა და ხევსურეთის ადმინისტრაციული ერთეულები და ფასანაურის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი სოფლები) მუნიციპალიტეტებში აღწერა ჩატარდა 2024 წლის სექტემბერში.