არაბთა გაერთიანებულ საამიროებში დაფუძნებული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია flydubai ფლოტისა და მარშრუტების ქსელის გაფართოების პარალელურად, Ab Initio-ს პილოტების მომზადების პროგრამას იწყებს და მომდევნო სამი წლის განმავლობაში 1700 ადამიანის დაქირავებას გეგმავს.
სასწავლო პროგრამა შექმნილია 17 წელზე უფროსი ასაკის ახალგაზრდებისთვის, ეროვნების მიუხედავად. ის მოიცავს ყოვლისმომცველ სასწავლო გეგმას, რომელიც აერთიანებს როგორც თეორიულ ცოდნას, ასევე პრაქტიკულ ფრენის გამოცდილებას. 18-24-თვიანი კურსის დასრულების შემდეგ, აპლიკანტებს შეეძლებათ გახდნენ Boeing 737-ის პილოტები გადამზიდავის კომერციულ რეისებზე. მომავალი ავიატორების პირველი ჯგუფის მომზადება, სავარაუდოდ, მიმდინარე წლის მეოთხე კვარტალში დაიწყება.
ამჟამად ახლო აღმოსავლეთში კვალიფიციურ პილოტებზე მნიშვნელოვანი მოთხოვნაა, რადგან ადგილობრივი გადამზიდავები თავიანთი ფლოტის გაფართოების ამბიციურ გეგმებს ახორციელებენ. flydubai-სთან ერთად, თანამშრომლების მოზიდვას აქტიურად ახორციელებენ ასევე ისეთი ავიაკომპანიები, როგორიცაა Emirates, Etihad და ახლად შექმნილი Riyadh Air.
დღეს flydubai-ში 6,400-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული, მათ შორის დაახლოებით 1,330 პილოტი. ავიაკომპანია, რომელიც 88 თვითმფრინავისგან შემდგარი ფლოტის ოპერირებას ახდენს, 130-ზე მეტ მიმართულებას ემსახურება.
ინდუსტრიის ექსპერტების აზრით, 2032 წლისთვის მსოფლიო შესაძლოა 80,000-მდე პილოტის დეფიციტის წინაშე აღმოჩნდეს, ხოლო ახლო აღმოსავლეთის რეგიონში – 18,000-ის. (connectingtravel.com)