ჰელსინკის სააპელაციო სასამართლომ ქვედა ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება გააუქმა, რითიც დაუშვა 323 ათასი ევროს გაყინვა ანგარიშზე, რომელიც სანქცირებული რუსი ოლიგარქის არკადი როტენბერგის კომპანიას უკავშირდება. ამის შესახებ  Helsingin Sanomat-ი წერს,

სასამართლოს გადაწყვეტილება ეხება ფინურ კომპანიას, რომელმაც სასუქები შეიძინა დუბაიში დაფუძნებული Agricultural Minerals DMCC-სგან. ჯერ კიდევ 2021 წლის ოქტომბერში სასამართლომ დააყადაღა 323 ათასი ევრო, რადგან გადაწყვიტა, რომ მათზე პირდაპირი ან ირიბი წვდომა ჰქონდა არკადი როტენბერგს.

რაიონულმა სასამართლომ გააუქმა ეს გადაწყვეტილება, მაგრამ სააპელაციო სასამართლომ მხარი დაუჭირა პროკურატურას და თანხაზე ყადაღა დააწესა. სააპელაციო სასამართლომ მტკიცებულებად გაითვალისწინა ჟურნალისტური გამოძიება, რომელმაც აჩვენა, რომ დუბაის კომპანია რეალურად მოქმედებდა რუსული Минудобрения -ს სახელით, რომელიც როტენბერგის კონტროლქვეშაა.

არკადი როტენბერგი, რომელიც ფინეთში ცნობილია, როგორც ადგილობრივი ჰოკეის Jokereiden-ის გუნდისა და ჰოკეის არენის Hartwall Arena მფლობელი, არის ბორის როტენბერგის ძმა. ისინი გამდიდრდნენ ბიზნეს-გარიგებებით და არიან რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ახლო თანამოაზრეები.

მას შემდეგ, რაც რუსეთმა 2022 წლის თებერვალში დაიწყო სრულმასშტაბიანი ომი უკრაინასთან ფინეთი აქტიურად ყინავს რუსი ოლიგარქების და სხვა სანქციების ქვეშ მყოფი პირების აქტივებს. აპრილის ბოლოსთვის უკვე გაყინულია 1710 ფიზიკური თუ იურიდიული პირის ქონება დაახლოებით 244 მილიონი ევროს ოდენობით.