ფინეთი ქვეითთა საწინააღმდეგო ნაღმების გამოყენების აკრძალვის ხელშეკრულებიდან გასვლას აპირებს

სამშაბათს, 1 აპრილს, ფინეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ რუსეთის მხრიდან მომდინარე საფრთხის გამო, ფინეთი ქვეითთა საწინააღმდეგო ნაღმების გამოყენების აკრძალვის საერთაშორისო ხელშეკრულებიდან გასვლას გეგმავს. პეტერი ორპოს თქმით, ოტავის 1997 წლის ხელშეკრულებიდან გასვლის თაობაზე ფინეთის გადაწყვეტილების მიზეზი ევროპაში უსაფრთხოების გარემოს ფუნდამენტური ცვლილება გახდა. „ფინეთმა და ევროპამ უნდა შეაფასოს ყველა ზომა ჩვენი შემაკავებელი და თავდაცვითი შესაძლებლობების გასაძლიერებლად, როგორც ინდივიდუალურად, ისე ნატო-ს ფარგლებში. ჩვენ ასევე ვაპირებთ, რომ ფინეთმა დაიწყოს მზადება ოტავის შეთანხმებიდან გამოსვლისთვის“, - აღნიშნა ორპომ პრესკონფერენციაზე.

ფინეთის პრემიერის ეს განცხადება გაკეთდა ორი კვირის შემდეგ, რაც პოლონეთმა, ლიუტუვამ, ლატვიამ და ესტონეთმა ოტავის ხელშეკრულების დატოვებისკენ პირველი ნაბიჯები გადადგეს. ყველა მათგანი მიუთითებდა რუსეთისგან მომდინარე გაზრდილ უსაფრთხოების რისკზე, უკრაინაში მოსკოვის შეჭრის შემდეგ. ოტავას ხელშეკრულებ კრძალავს ქვეითთა საწინააღმდეგო ნაღმების გამოყენებას, შენახვას, წარმოებას და სხვისთვის გადაცემას. ფინეთის მთავრობის გადაწყვეტილება პარლამენტმა უნდა მოიწონოს, ხოლო ხელშეკრულებიდან გასვლა პარლამენტის საბოლოო დამტკიცებიდან ექვსი თვის შემდეგ შევა ძალაში. ორპომ ასევე განაცხადა, რომ 2029 წლისთვის ფინეთი თავდაცვის ხარჯებს მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ), სულ მცირე, სამ პროცენტამდე გაზრდის და დაიწყებს თავდაცვის ძალების რეფორმას, უსაფრთხოების გაუარესებული მდგომარეობის გასამკლავებლად.

„ამ გადაწყვეტილებებით ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ ფინეთის თავდაცვა მომავალი წლების განმავლობაში კარგ მდგომარეობაში იყოს. მე ძალიან კმაყოფილი ვარ, რომ ამ გადაწყვეტილებებს ფართო საპარლამენტო მხარდაჭერა აქვს“, - დასძინა ფინეთის პრემიერ-მინისტრმა. ოტავას შეთანხმებაზე ხელი მოწერილი აქვს 160-ზე მეტ ქვეყანას და ტერიტორიას, რომელთა შორის არის უკრაინა. ხელმომწერთა შორის არ არიან შეერთებული შტატები და რუსეთი. ქვეითთა საწინააღმდეგო ნაღმებზე ფინეთმა 2012 წელს თქვა უარი, როდესაც ხელშეკრულებას შეუერთდა და მილიონზე მეტი ნაღმი გაანადგურა. ფინეთმა, რომელსაც რუსეთთან 1 340-კილომეტრიანი საზღვარი აქვს, ასევე უარი თქვა სამხედრო მიუმხრობლობაზე, რომელსაც ათწლეულების განმავლობაში იცავდა, და 2023 წელს ნატო-ს წევრი გახდა.

წყარო: 1 არხი