ევროკავშირის სტატისტიკის სამსახურის („ევროსტატი“) მიერ 14 ოქტომბერს გამოქვეყნებული მონაცემები აჩვენებს, რომ როდესაც საქმე ცხოვრების შეფასებას ეხება, ლატვიელები, ალბათ, ყველაზე ნაკლებად კმაყოფილი ხალხია ევროკავშირში.

2023 წელს (ისევე როგორც 2018 წელს), 16 წელზე უფროსი ასაკის ადამიანებმა ცხოვრებით კმაყოფილების განცდა საშუალოდ 7,3 ქულით შეაფასეს.

2023 წელს, ევროკავშირის ქვეყნებს შორის ცხოვრებით კმაყოფილების ყველაზე მაღალი რეიტინგი ფინეთში დაფიქსირდა (7,8), შემდეგ მოდიან: ბელგია, ავსტრია, რუმინეთი და სლოვენია (ყველგან 7,7).

ცხოვრებით კმაყოფილების რეიტინგი ყველაზე დაბალია ბულგარეთში (5,9), საბერძნეთსა და ლატვიაში (ორივეგან - 6,9).

2018-2023 წლებში, ცხოვრებით კმაყოფილი ადამიანების რაოდენობის ზრდის მაჩვენებელი, საერთო ჯამში, ევროკავშირის 14 ქვეყანაში დაფიქსირდა. კმაყოფილების ზრდის მაჩვენებელი ყველაზე მაღალია ლიეტუვასა (6.4-დან 7.2-მდე) და ხორვატიაში (6.3-დან 7.1-მდე). ამ კუთხით, ჩეხების განწყობებში არსებითი ცვლილებები არ მომხდარა.

ევროკავშირის 12 ქვეყანაში კი ცხოვრებით კმაყოფილების შემცირება შეინიშნება. კმაყოფილი ადამიანების ყველაზე დიდი კლებაა ირლანდიასა (0,5) და გერმანიაში (0,4).

მიუხედავად იმისა, რომ ლატვიელები, შესაძლოა, ცხოვრებით მთლად კმაყოფილები არ არიან (6,9), მაგრამ ამის გამო ისინი არც გაბოროტებულან და არც უნდობლები გამხდარან. ყოველ შემთხვევაში, „ევროსტატის“ მონაცემები აჩვენებს, რომ სხვა ადამიანებისადმი ნდობის ხარისხი ლატვიელებში ევროკავშირის საშუალო მაჩვენებელზე მაღალია.

2023 წელს, როდესაც ადამიანებმა სხვების მიმართ თავიანთი ნდობა შეაფასეს, ევროკავშირის მასშტაბით საშუალო მაჩვენებელმა 5.8 შეადგინა. შეფასებები მერყეობდა 5.0-ზე ნაკლებიდან (კვიპროსი, ლიეტუვა, საფრანგეთი, სლოვენია და საბერძნეთი) 7.0-ზე მეტამდე (რუმინეთი და ფინეთი). ამდენად, ლატვია, 6,2 ქულით, ყველაზე მიმნდობ ქვეყნებს შორის აღმოჩნდა.

1tv.ge