როგორც უორენ ბაფეტმა ერთხელ თქვა, “თუ მოსახლეობის ყველაზე იღბლიან 1%-ში ხარ, კაცობრიობის წინაშე ვალდებულება გაქვს, დანარჩენ 99%-ზე იზრუნო” - ბიზნესმენის ამ შეგონებას მილიარდერთა ნაწილი აქტიურად მიჰყვება. ფილანტროფთა ახალ ეპოქას, მსოფლიოში მზარდი უთანასწორობისა და გეოპოლიტიკური კრიზისების ფონზე, ქმნიან ადამიანები, რომლებიც სიმდიდრეს არა მხოლოდ საბოლოო დანიშნულების წერტილად, არამედ თემთა გაძლიერებისა და დახმარების საშუალებად ხედავენ. ქველმოქმედები ხშირად აღნიშნავენ, რომ მათი როლი რისკებზე წასვლა, ურთულესი პრობლემების მოგვარება და ინოვაციების, თანასწორობისა და გრძელვადიანი ცვლილებების წასახალისებლად საკუთარი კაპიტალის გამოყენებაა.
გაგაცნობთ ბიზნესმენებს, რომლებიც თავიანთ ქონებას ყველაზე გულუხვად გასცემენ.
ილაი ბროუდი - $4 მილიარდი
ილაი ბროუდი თვითშემდგარი მილიარდერი იყო, რომლის მრავალწლიანი კარიერაც უძრავი ქონების, დაზღვევისა და ფინანსების სექტორებს აერთიანებდა. ბროუდიმ ქონების მოხვეჭა 1950-იან წლებში Kaufman-ისა და Broad Home Corporation-ის დაფუძნებით დაიწყო და ომგამოვლილ ამერიკას იაფიანი, მასობრივი წარმოების სახლები შესთავაზა. რამდენიმე წელიწადში ბროუდიმ დაზღვევის სექტორშიც შეაბიჯა და Sun Life Insurance დააფუძნა.
ილაი ბროუდი 2021 წელს გარდაიცვალა. სიცოცხლეში თავდადებულმა ბიზნესმენმა ქველმოქმედების მიზნით $4 მილიარდი დოლარი გასცა. მისთვის პრიორიტეტულ მიმართულებებად რჩებოდა განათლების რეფორმა, სამეცნიერო კვლევები და ხელოვნება. ცოლთან, იდით ბროუდისთან ერთად, საქველმოქმედო ფონდიც დააფუძნა, რომლის მეშვეობითაც აშშ-ის მასშტაბით საჯარო სკოლის ინოვაციასა და სკოლების ექსპანსიას შეუწყო ხელი.
კარლოს სლიმ ჰელუ - $4 მილიარდი
მექსიკის უმდიდრესი ადამიანის, კარლოს სლიმ ჰელუს ქონება $90 მილიარდ დოლარზე მეტადაა შეფასებული. ჰელუ ლათინური ამერიკის ყველაზე გავლენიანი ფილანტროფიცაა. 1986 წელს “კარლოს სლიმის ფონდის” დაფუძნების შემდეგ, ჯანდაცვის, განათლების, სტიქიასთან ბრძოლისა და სამუშაო ადგილების შექმნის პროგრამების მხარდასაჭერად ჰელუს $4 მილიარდი აქვს გაცემული. კიდევ ერთი, “ტელემაქსის ფონდით” კი მექსიკის უმდიდრესი ადამიანი ქვეყანაში ინფრასტრუქტურულ აღმშენებლობას უჭერს მხარს.
გორდონ მური - $5 მილიარდი
ტექ-ანტრეპრენერმა გორდონ მურიმ ქონება მიკროპროცესორების მწარმოებელი გიგანტის, Intel-ის დაფუძნების შედეგად დააგროვა. გორდონმა და მისმა მეუღლემ, ბეტიმ, “გორდონისა და ბეტი მურის ფონდის” მეშვეობით $5 მილიარდზე მეტი გასცეს. მურების ოჯახისთვის პრიორიტეტულ მიმართულებებად მიიჩნევა გარემოს დაცვა, მეცნიერული განვითარება, კოსმოსური კვლევები და ჯანდაცვის სისტემების გაუმჯობესება. გორდონ მური 2023 წელს გარდაიცვალა. ფონდი, რომელიც ბიზნესმენმა 2000 წელს დააფუძნა, დღემდე ერთ-ერთი ყველაზე მაღალ ბიუჯეტიანი საქველმოქმედო ორგანიზაციაა.
ჩარლზ ფრანცის ფინი - $8 მილიარდი
ჩარლზ ფრანცის ფინის სახელი ბიზნესის ისტორიაში ოქროს ასოებით ჩაიწერა, როგორც ადამიანის, რომელმაც, ქველმოქმედებისთვის თითქმის მთელი ქონება დათმო. სიცოცხლის განმავლობაში, 2023 წლამდე, ჩარლზ ფინმა $8 მილიარდი გასცა.
ჩარლზ ფინი Duty Free-ის თანადამფუძნებელი იყო - მიუხედავად წამოწყების წარმოუდგენელი წარმატებისა, ბიზნესმენმა მოკრძალებული ცხოვრება, ეკონომ კლასით მგზავრობა და, უძრავი ქონების მრავალმილიონიანი პორტფოლიოს ნაცვლად, ნაქირავებ ბინებში ცხოვრება გააგრძელა. სიმდიდრე კი თავისი ფონდის, “ატლანტიკის ფილანტროფებისკენ” მიმართა. ფინის დონაციები განათლების, ჯანდაცვის, ადამიანთა უფლებების დაცვის პროგრამების განვითარებაზე იხარჯებოდა. მხარს უჭერდა უნივერსიტეტების გახსნასა და ჯანდაცვის ინიციატივებს ვიეტნამსა და სამხრეთ აფრიკაშიც.
სწორედ ჩაკ ფინის “გაიღე, სანამ ცოცხალი ხარ” ფილოსოფიამ მისცა შთაგონება “შემოწირულობის პირობის” საქველმოქმედო კამპანიას, რომელიც ახალისებს ბიზნესმენებს, თავიანთი ქონება სიცოცხლეშივე გასცენ.
სულეიმან ბინ აბდულ აზიზ ალ რაჯი - $16 მილიარდი
სულეიმან ბინ აბდულ აზიზ ალ რაჯი საუდის არაბეთის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ბიზნესმენია, რომელსაც ყველაზე გულუხვ ფილანტროფადაც მოიხსენიებენ. უმსხვილესი ისლამური საბანკო ინსტიტუციის, “ალ რაჯის ბანკის” თანადამფუძნებელმა მრავალმილიარდიანი ქონება სწორედ საბანკო, უძრავი ქონებისა და სოფლის მეურნეობის სექტორებიდან დააგროვა. 2011 წელს მისი სახელი საერთაშორისო მედიაში გამოჩნდა როგორც ბიზნესმენის, რომელმაც ქონების ძირითადი ნაწილი, $16 მილიარდზე მეტი, საქველმოქმედო მიზნებისთვის გასცა, რითაც არაბულ სამყაროში უმსხვილესი ერთჯერადი საქველმოქმედო ტრანზაქციის ავტორიც გახდა. მისი ქველმოქმედება ძირითადად განათლებაზე, ჯანდაცვაზე, სიღარიბის შემცირებასა და ისლამურ მეცნიერებაზეა ორიენტირებული. გარდა ამისა, მან დააარსა ალ რაჯჰის უნივერსიტეტი, რომელიც სტუდენტებს მედიცინის, ინჟინერიისა და ისლამური ფინანსების ფაკულტეტებს სთავაზობს. მანვე დააფინანსა ასობით მეჩეთი, სკოლა და საავადმყოფო საუდის არაბეთში და მის ფარგლებს გარეთ.
მაიკლ ბლუმბერგი - $17 მილიარდი
$104 მილიარდ დოლარად შეფასებული ქონებით, ნიუ-იორკის ყოფილი მერი, Bloomberg-ის დამფუძნებელი, მაიკლ ბლუმბერგი, ყველაზე გულუხვ ბიზნესმენთა რეიტინგში ასევე შთამბეჭდავად პოზიციონირებს. მან სხვადასხვა მიზნების მხარდასაჭერად როგორც თავისი პლატფორმა, ასევე აქტივები გამოიყენა და გარემოსდაცვითი საქმიანობა, ხელოვნება, განათლება და საზოგადოებრივი ჯანდაცვა დააფინანსა. Bloomberg Philanthropies-ის მეშვეობით დააფინანსა მოწევის საწინააღმდეგო ინიციატივები, გლობალური საგზაო უსაფრთხოების პროგრამები, ხელოვნებისა და კულტურის ინსტიტუტები და განახლებადი ენერგიის პროექტები. ამასთან. ბლუმბერგი ერთ-ერთი მსხვილი დონორია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის, ჰოპკინსის უნივერსიტეტისა და ოკეანის კონსერვაციის ინიციატივებისთვის. მხოლოდ 2024 წელს, Bloomberg Philanthropies-მა გლობალურად, სხვადასხვა პროექტებისთვის, $3.7 მილიარდი დოლარი გამოყო. ჯამურად, მაიკლ ბლუმბერგის კონტრიბუცია $17 მილიარდ დოლარს აღემატება.
მაკენზი სკოტი - $19 მილიარდი
Amazon-ის დამფუძნებელ, ჯეფ ბეზოსთან განქორწინებისა და მილიარდობით დოლარის მიღების შემდეგ, მაკენზი სკოტმა ფილანტროფიის წესების შეცვლა გადაწყვიტა. მან უარი თქვა ტრადიციულ ბიუროკრატიულ პროცესებზე და თავის ქონებას, საჩუქრების სახით, რიგით ადამიანებსა და თემთა გაძლიერების მიზნით შექმნილ ორგანიზაციებს პირდაპირ ურიგებს. მისმა დაფინანსებამ ათასობით ორგანიზაცია გააძლიერა, რომელთა ძირითადი ფოკუსიც რასობრივ და გენდერულ თანასწორობაზეა. 2019 წლიდან მაკენზი სკოტი “შემოწირულობის პირობის” კამპანიას შეუერთდა და, მას შემდეგ, 2400 ორგანიზაციისთვის $19 მილიარდ დოლარზე მეტი აქვს შეწირული. მისი მიდგომა უნიკალურია - არავითარი წინასწარი განცხადება, არავითარი ანგარიშწარმოება, არავითარი შეზღუდვა.ნაცვლად ამისა, სკოტის გუნდი თავად ავლენს ორგანიზაციებს, რომლებზეც გრანტის სახით 1-დან 50 მილიონამდე დოლარს გასცემს.
აზიმ პრემჯი - $21 მილიარდი
ინდოეთში ყველაზე გულუხვ კაცად აღიარებულმა აზიმ პერმჯიმ ქონება თავისი მცირე, საოჯახო ბიზნესის ქვეყნის ერთ-ერთ უმსხვილეს IT საკონსულტაციო ფირმად ქცევით დააგროვა. ბიზნესმენმა ქონების ნახევარზე მეტი საქველმოქმედო მიზნებისთვის გაიღო და, ამ მიმართულებით, ნამდვილ ლიდერად იქცა. “აზიმ პრემჯის ფონდმა” მხარი დაუჭირა 350 ათასზე მეტ სკოლას ინდოეთის მასშტაბით, საჯარო განათლებაში სისტემური რეფორმების დაფინანსების გზით. მის ინიციატივებს შორისაა მასწავლებლების გადამზადებისა და სასწავლო გეგმის განვითარების პროგრამები. დააფუძნა უნივერსიტეტიც, რომელიც განათლებასა და საჯარო მომსახურების სერვისებში ახალგაზრდა ლიდერების აღზრდას ემსახურება.
ბილ & მელინდა გეიტსები - $45 მილიარდი
$117 მილიარდიანი ქონებით, Microsoft-ის დამფუძნებელი ბილ გეიტსი პლანეტის ერთ-ერთი ყველაზე გულუხვი ბიზნესმენიცაა. ერთად თუ ცალ-ცალკე, ბილ და მელინდა გეიტსები გლობალური სისტემების გაუმჯობესებას აგრძელებენ და ამ მიზნით წყვილმა განქორწინებამდე რამდენიმე ათეული მილიარდი დოლარიც გაიღეს. სწორედ მათმა ძალისხმევამ თითქმის აღმოფხვრა პოლიოვირუსი და გააძლიერა სოფლის მეურნეობის მდგრადობა. “გეიტსის ფონდი” არაერთ საერთაშორისო ორგანიზაციას, მათ შორის ჯანმოსა და გაეროს ბავშვთა ფონდს აფინანსებს, ისევე როგორც შიდსის, ტუბერკულიოზისა და მალარიის წინააღმდეგ მიმართულ ინიციატივებს. მელინდა გეიტსი კი ქალებისა და გოგოების გაძლიერებაზე მუშაობს.
უორენ ბაფეტი - $51+ მილიარდი
“ომაჰას ორაკული”, თავისი $144 მილიარდიანი ქონებით, თანამედროვე ფილანტროფიის ნამდვილ პოლარულ ვარსკვლავად რჩება. ქონების 99%-ზე მეტი უორენ ბაფეტს საქველმოქმედო მიზნებისკენ აქვს მიმართული. მისივე ინიციატივით დაფინანსდა ვაქცინების გლობალური დისტრიბუცია, ჯანდაცვის ინფრასტრუქტურა გლობალურ სამხრეთში და საგანმანათლებლო თანასწორობა მსოფლიოში. სწორედ ბაფეტია “შემოწირულობის პირობის” კამპანიის თანადამფუძნებელი. “ომაჰას ორაკული” ბილ და მელინდა გეიტსების ფონდის ერთ-ერთი უმსხვილესი დონორიც არის. მისივე შვილები მართავენ ოთხ საოჯახო საქველმოქმედო ორგანიზაციასაც. ჯამურად, უორენ ბაფეტის მიერ ქველმოქმედებისთვის გაღებული თანხა $50 მილიარდს აღემატება.