ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტმა, კრისტენ ლაგარდმა შესაძლოა, თანამდებობა ვადაზე ადრე დატოვოს. ინფორმაციას ამის შესახებ „ფაინენშელ თაიმსი“ ავრცელებს.

როგორც გამოცემა წერს, კრისტინ ლაგარდი გეგმავს თანამდებობის დატოვებას საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებამდე, რათა ემანუელ მაკრონს შესაძლებლობა მიეცეს, მონაწილეობა მიიღოს მისი შემცვლელის შერჩევაში.

მედიის ცნობით, ლაგარდს უფლებამოსილების ვადა 2027 წლის ოქტომბერში იწურება, თუმცა არსებობს შიში, რომ 2027 წლის გაზაფხულზე საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ულტრამემარჯვენეებმა გაიმარჯვონ, რაც მნიშვნელოვნად გაართულებს ევროპის ფინანსური ინსტიტუტის ახალი ხელმძღვანელის არჩევას.

როგორც „ფაინენშელ თაიმსი“ წყაროზე დაყრდნობით წერს, ლაგარდს ჯერ არ გადაუწყვეტია თანამდებობის დატოვების ზუსტი თარიღი, თუმცა სურს, რომ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა და გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა შეარჩიონ მისი შემცვლელი.

გამოცემის ცნობით, ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტი ევროზონის 21 ქვეყნის ყველა ლიდერმა უნდა შეარჩიოს, თუმცა გამოცდილება აჩვენებს, რომ ნებისმიერ წარმატებულ კანდიდატს სჭირდება როგორც გერმანიის, ისე საფრანგეთის მხარდაჭერა.

ოფიციალურად კანდიდატები ჯერ არ არიან დასახელებული, „ფაინენშალ თაიმსი“ რამდენიმე სავარაუდო შემცვლელზე წერს. მათ შორის არიან ნიდერლანდების ცენტრალური ბანკის ყოფილი ხელმძღვანელი კლაას კნოტი და საერთაშორისო ანგარიშსწორებათა ბანკის გენერალური დირექტორი პაბლო ერნანდეს დე კოსი.

ლაგარდის უფლებამოსილების ვადა 2027 წლის 31 ოქტომბერს სრულდება. ევროპის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელობამდე, 2011 წლიდან 2019 წლამდე, ის საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორი იყო, ხოლო მანამდე – საფრანგეთის ფინანსთა მინისტრი.

პირველი არხი