მაღალი ფასების გამო ევროპა მდიდრული ცხოვრების ადგილად ითვლება, მაგრამ ყველა ევროპულ ქალაქში ცხოვრებისთვის დიდი ფული არაა საჭირო. უკრაინული გამოცემა finance.ua იმ ევროპის ქალაქების ხუთეულს გვთავაზობს, სადაც ცხოვრება ყველაზე იაფია.

ტალინი, ესტონეთი

პატარა, მაგრამ „ჭკვიანი“ ქალაქი ტალინი იდეალური ადგილია მათთვის, ვისაც სურს იცხოვროს მყუდრო ევროპულ ატმოსფეროში შედარებით დაბალი საკვებისა და ტრანსპორტი ხარჯებით. ტალინში ბინის დაქირავება სხვა ქალაქებთან შედარებით იაფია. შენობის ფართობიდან და ოთახების რაოდენობის მიხედვით, ქირა თვეში 200-დან 750 ევრომდე დაგიჯდებათ. საზოგადოებრივი ტრანსპორტის საფასურიც ძალიან ხელმისაწვდომია. ამავდროულად, ადგილობრივი მოსახლეობისთვის მგზავრობა ზოგადად უფასოა.

ტალინში ღირსშესანიშნაობების უმეტესობა ერთმანეთისგან ფეხით სავალ მანძილზეა, ამიტომ ეს ქალაქი იდეალური არჩევანია ბავშვებიანი ოჯახებისთვის.

რიგა, ლატვია

რიგა იყო და რჩება ერთ-ერთ ყველაზე ბიუჯეტურ ტურისტულ მიმართულებად, მაგრამ ამ ქალაქში ცხოვრების ღირებულებაც ძალიან ხელმისაწვდომია. აპარტამენტის დაქირავება თვეში საშუალოდ 300-დან 700 ევრომდე დაგიჯდებათ, სასტუმროში ან ჰოსტელში ოთახი - ღამეში 15 ევროდან. აქ საკვების ღირებულებაც დაზოგავს თქვენს ბიუჯეტს, თუნდაც კაფე-რესტორნებში ჭამოთ. საამისოდ ქალაქში მრავლადაა ქუჩის კვების ობიექტები და იაფი რესტორნები.

ბუქარესტი, რუმინეთი

ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში განხორციელებული ეკონომიკური ზრდის წყალობით, ბუქარესტში ცხოვრების ღირებულება მნიშვნელოვნად გაიაფდა, ხოლო ხარისხი გაიზარდა. ქალაქის ცენტრში ერთოთახიანი ბინის დაქირავება თვეში 550 ევროზე ნაკლები დაგიჯდებათ, ხოლო თუ საცხოვრებელს უფრო შორეულ რაიონებში აირჩევთ, ფულს ბევრად დაზოგავთ. გაითვალისწინეთ, რომ ქალაქის ტურისტულ რაიონებში ქირის ფასი თვეში 350 ევროდან იწყება.

ქალაქში ბევრი საინტერესო და ზოგჯერ საოცარი ადგილია, რომელთა მონახულებაც უფასოდ შეგიძლიათ.

კრაკოვი, პოლონეთი

ალბათ არავისთვისაა საიდუმლო, რომ პოლონეთი ევროპის ერთ-ერთი ყველაზე ბიუჯეტური ქვეყანაა. კრაკოვში დაბინავება თვეში საშუალოდ დაახლოებით 680 ევრო ღირს, კვება - დაახლოებით 10 ევრო დღეში.

ქალაქში თქვენი დასვენების მნიშვნელოვანი ნაწილი შეიძლება აბსოლუტურად უფასო იყოს, რადგან კრაკოვს აქვს მდიდარი ისტორია და ლამაზი არქიტექტურა და ყველას შეუძლია დაესწროს ქალაქში ორგანიზებულ უფასო ღონისძიებებს.

პრაღა, ჩეხეთის რესპუბლიკა

მათთვის, ვინც ეძებს არა მხოლოდ ბიუჯეტურ, არამედ ისტორიით, კულტურითა და არქიტექტურით მდიდარ ქალაქს, პრაღა იდეალური ვარიანტი იქნება. გარდა ამისა, ჩეხეთის დედაქალაქს აქვს კვების ობიექტების დიდი არჩევანი, სადაც კვება დღეში 10 ევროზე ნაკლები დაგიჯდებათ. ხოლო თუ საჭმელს სუპერმარკეტებში ყიდულობთ და თავად ამზადებთ, შეგიძლიათ კიდევ უფრო მეტი დაზოგოთ.

პრაღაში საცხოვრებლის დაქირავება ოდნავ აღემატება რიგას ან ტალინს, მაგრამ ცენტრში კარგი ბინა თვეში 700 ევრომდე დაგიჯდებათ.

ლისაბონი, პორტუგალია

ტურისტული ზონების გარეთ ლისაბონში ცხოვრების ღირებულება ხელმისაწვდომია. ეს ეხება როგორც საცხოვრებლის გაქირავებას, ასევე საჭირო ნივთების, კვებისა და ტრანსპორტირების ხარჯებს. თუმცა, ლისაბონში ცხოვრება უფრო ძვირია, ვიდრე პორტუგალიის სხვა ქალაქებში. მაგალითად, ერთოთახიანი ბინა ქალაქში თვეში 350 ევროდან ღირს, ოროთახიანის კი - 600 ევროდან, ხოლო ლისაბონში საცხოვრებლის ქირის ღირებულება თვეში 700 ევროდან იწყება.

რაც შეეხება დასვენებას, ეს ქალაქი გულგრილს არავის დატოვებს, რადგან ლისაბონში არის არა მხოლოდ ბევრი საინტერესო მუზეუმი, გალერეა, კულტურული და არქიტექტურული ძეგლი, არამედ თვალწარმტაცი ბუნება.