2025 წელს მნიშვნელოვნად გაიზარდა ევროკავშირიდან იმ მიგრანტთა დეპორტაციის მაჩვენებელი, რომლებსაც არ ჰქონდათ კანონიერი საფუძვლები ბლოკში ყოფნისთვის.
ეს ინფორმაცია გამოაცხადა ევროკომისიაში მიგრაციის საკითხებზე მომუშავე პირმა, მაგნუს ბრუნერმა გერმანიაში გამომავალ გაზეთთან, Welt am Sonntag-თან ინტერვიუში, რომელიც 3 იანვარს გამოქვეყნდა. ინტერვიუს ციტატებს ავრცელებს მედიასაშუალება Deutsche Welle.
ბრუნერის თქმით, 2025 წელს დეპორტაციის დონე იქნება უფრო მაღალი, ვიდრე ყველა წინამორბედ წელს, 2019-დან. დეპორტაციის დონე 19-დან გაიზარდა 27 პროცენტამდე. "ეს კვლავაც არასაკმარისია", ამბობს ბრუნერი და აღნიშნავს, რომ მიგრაციის წესებში ახალი ზომების შემოღება შესაძლებელს გახდის ევროკავშირში უკანონოდ მყოფი, ან თავშესაფრის გამოყოფაზე უარით გასტუმრებული მიგრანტების დეპორტაციის დაჩქარებას.
შარშან ევროკომისიის წევრმა წარმოადგინა გეგმა დაბრუნების ახალი, "ერთიანი ევროპული სისტემის" შექმნაზე - წერს Welt am Sonntag-ი. გეგმის თანახმად, მნიშვნელოვნად შეიკვეცება შეღავათები იმ მიგრანტებისთვის, რომლებიც უარს ამბობენ ხელისუფლებასთან თანამშრომლობაზე. თუ ხელისუფლება ჩათვლის, რომ პირი, რომელსაც თავშესაფარზე უარი ეთქვა, შეიძლება გაიქცეს, შესაძლებელი იქნება მისი დაკავება 24 თვის ვადით, დეპორტაციის მოლოდინში. ხოლო მათ, ვინც დანაშაულს ჩაიდეს, განუსაზღვრელი ვადით დააკავებენ, ქვეყნიდან გამგზავრებამდე.
ამასთან, ევროკავშირმა პირველად დაამტკიცა წარმოშობის უსაფრთხო ქვეყნების ერთიანი სია. ეს შესაძლებელს გახდის პირთა დეპორტაციის დაჩქარებას ეგვიპტეში, მაროკოში, ტუნისში, ინდოეთში, კოსოვოში, ბანგლადეშსა და კოლუმბიაში. ამ ქვეყნებიდან ჩასული პირებისთვის, რომლებიც თავშესაფარს მოითხოვენ, იგეგმება დაჩქარებული პროცედურების გატარება, მათ შორის უშუალოდ საზღვრებზე ან სატრანზიტო ზონებში. გარდა ამისა, იგეგმება ევროკავშირში თავშესაფრის მომთხოვნთა ცენტრების გახსნა მესამე სახელმწიფოებში.
მიგრაციის საკითხი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია პოპულისტური ორიენტაციის პოლიტიკური ძალებისთვის. ევროკომისიის და ევროკავშირის ბევრი სახელმწიფოს ამჟამინდელი ხელისუფლებები ამკაცრებენ მიგრაციასთან დაკავშირებულ წესებსა და პროცედურებს, მათ შორის იმ მიზნით, რომ პოპულისტებს აღარ ჰქონდეთ საშუალება ამტკიცონ, თითქოს ხელისუფლებები უკონტროლო მიგრაციას უწყობენ ხელს.