ევროკავშირს სურს ამერიკული საქონლის შესყიდვები 50 მილიარდი ევროთი გაზარდოს, რათა აშშ-თან სავაჭრო ურთიერთობების პრობლემა მოაგვაროს, – ამის შესახებ სავაჭრო საკითხებში ევროკომისარმა, მაროშ შეფჩოვიჩმა Financial Times-თან ინტერვიუში განაცხადა.
შეფჩოვიჩის თქმით, აშშ-მა და ევროკავშირმა რამდენიმე პირადი და სატელეფონო მოლაპარაკებების შედეგად პროგრესს მიაღწიეს. მისივე თქმით, სურს თეთრ სახლთან დაბალანსებული და სამართლიანი შეთანხმების დადება.
ევროკომისარმა აღნიშნა, რომ მთავარი არგუმენტი, რომელიც აშშ-ს სავაჭრო წარმომადგენელს, ჯეიმისონ გრირს და ვაჭრობის მინისტრს, ჰოვარდ ლუტნიკს წარუდგინა, იყო ევროკავშირში ამერიკული მომსახურების ექსპორტის გათვალისწინება, რაც ევროპასთან საერთო სავაჭრო დეფიციტს დაახლოებით 50 მილიარდ ევრომდე შეამცირებდა. მისი თქმით, ეს დეფიციტი სწრაფად შეიძლება დაიფაროს მეტი ამერიკული ბუნებრივი აირისა და სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის შესყიდვის შეთანხმებებით.
„ჩვენ თუ 50 მილიარდი ევროს ოდენობის დეფიციტს პრობლემად მივიჩნევთ, მჯერა, რომ ნამდვილად შეგვიძლია ეს პრობლემა ძალიან სწრაფად გადავჭრათ ბუნებრივი აირის, ზოგიერთი სასოფლო-სამეურნეო პროდუქტის ან სხვა სფეროებში შესყიდვების გზით. ჩემი აზრით, ახლა ცოტა უკეთ გვესმის ერთმანეთის. გვესმის მათი პოზიციის, მათი მოტივების და ვფიქრობ, რომ მათაც ცოტა უკეთ ესმით ჩვენი“, – აღნიშნა შეფჩოვიჩმა.
ამასთან, ევროკომისარმა განაცხადა ,რომ ძალიან რთული იქნება ისეთი შეთანხმების მიღწევა, რომელიც იქნება ერთმნიშვნელოვნად სასარგებლო და მისაღები ჩვენი წევრი სახელმწიფოებისა და ევროპარლამენტისთვის.
ცნობისთვის, აპრილში დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ და ევროკავშირი სავაჭრო შეთანხმებას აუცილებლად დადებდნენ.