ევროკავშირმა მოამზადა ზომები აშშ-ის მიერ ტარიფების გაზრდის საპასუხოდ, მაგრამ არ გამოიყენებს მათ, ვიდრე არსებობს შესაძლებლობა, საკითხი მოლაპარაკებების გზით გადაწყდეს, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა.
ევროკავშირი მიიჩნევს, რომ ამერიკის შეერთებული შტატებთან საკითხის მოლაპარაკებებით გადაწყვეტის შესაძლებლობა ჯერ კიდევ არსებობს.
„თავიდანვე ვმუშაობდით მომზადების პროცესზე და ახლა მზად ვართ, ვუპასუხოთ საპასუხო ზომებით. ჩვენ მოვემზადეთ ამისთვის და შეგვიძლია, ვუპასუხოთ საჭიროების შემთხვევაში“, – განაცხადა ფონ დერ ლაიენმა.
მიუხედავად ამისა, ევროკომისიის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ურჩევნია, ეს საკითხი მოლაპარაკების გზით გადაწყდეს.
„ჩვენ ყოველთვის მკაფიოდ ვაცხადებდით, რომ უპირატესობას ვანიჭებთ საკითხის შეთანხმებით გადაწყვეტას. ეს რჩება ძალაში ახლაც. ჩვენ ვისარგებლებთ დროით, რომელიც გვაქვს პირველ აგვისტომდე“, – აღნიშნა ფონ დერ ლაიენმა.
მისივე თქმით, აშშ-მა ბრიუსელში გააგზავნა წერილი ზომების ჩამონათვალით, „რომლებიც ძალაში შევა, თუ არ მიიღწევა შეთანხმება“.
გუშინ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ პირველი აგვისტოდან ევროკავშირისა და მექსიკისთვის 30%-იანი ტარიფები ამოქმედდება.