ევროკავშირის საბჭომ რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები კიდევ ექვსი თვით, 2026 წლის 31 ივლისამდე გაახანგრძლივა, - ინფორმაციას საბჭოს პრესსამსახური ავრცელებს.
აღნიშნული ეკონომიკური სანქციები პირველად 2014 წელს შემოიღეს და 2022 წლის თებერვალში, რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის საპასუხოდ მნიშვნელოვნად გაფართოვდა.
სანქციები მოიცავს სექტორული ზომების ფართო სპექტრს, მათ შორის შეზღუდვებს ვაჭრობაზე, ფინანსებზე, ენერგეტიკაზე, ტექნოლოგიებსა და ორმაგი დანიშნულების საქონელზე, მრეწველობაზე, ტრანსპორტსა და ფუფუნების საქონელზე.
ისინი ასევე მოიცავს: რუსეთიდან ევროკავშირში საზღვაო ნედლი ნავთობისა და გარკვეული ნავთობპროდუქტების იმპორტის ან გადატანის აკრძალვას, რამდენიმე რუსული ბანკის SWIFT-იდან გათიშვას და კრემლის მიერ მხარდაჭერილი რამდენიმე დეზინფორმაციული საშუალების ევროკავშირში სამაუწყებლო საქმიანობისა და ლიცენზიების შეჩერებას. გარდა ამისა, კონკრეტული ზომები ევროკავშირს საშუალებას აძლევს, წინააღმდეგობა გაუწიოს სანქციების გვერდის ავლას.
„სანამ რუსეთის ფედერაციის უკანონო ქმედებები კვლავ არღვევს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ წესებს, მათ შორის, კერძოდ, ძალის გამოყენების აკრძალვას, მიზანშეწონილია ძალაში დარჩეს ევროკავშირის მიერ დაწესებული ყველა ზომა და საჭიროების შემთხვევაში, მიღებულ იქნას დამატებითი ზომები“, - აღნიშნულია საბჭოს განცხადებაში.