ევროკავშირმა ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ პირველი საერთო წესები მიიღო
ევროკავშირმა ოჯახში ძალადობისა და ქალთა მიმართ ძალადების წინააღმდეგ პირველი საერთო ევროპული წესები დაამტკიცა.
ახალი კანონმდებლობა დანაშაულად განსაზღვრავს ქალთა სასქესო ორგანოების დასახიჩრებას, იძულებით ქორწინებას, ინტიმური გამოსახულებების თანხმობის გარეშე გავრცელებასა და კიბერდევნას.
დამამძიმებელ გარემოებად ჩაითვლება შემთხვევა, როდესაც ძალადობა მსხვერპლის კანის ფერის, სექსუალური ორიენტაციის, რელიგიის, სოციალური წარმომავლობის, პოლიტიკური შეხედულებების ან დამნაშავის მიერ „ღირსების“ შესახებ წარმოდგენების გამო ხდება.
მართალია, აღნიშნული ქმედებების უმეტესობა ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში უკვე დანაშაულად ითვლება, თუმცა ქვეყნების ეროვნულ კანონმდებლობებს შორის მნიშვნელოვანი განსხვავებები არსებობდა. ახალი საერთო წესების მიზანი სწორედ ამ სამართლებრივი განსხვავებების აღმოფხვრაა.
მაგალითად, იძულებითი ქორწინებისთვის გათვალისწინებული თავისუფლების აღკვეთის მაქსიმალური ვადა არანაკლებ სამი წელი უნდა იყოს. ძალადობის მსხვერპლებს ასევე შეეძლებათ, დამნაშავისგან მიყენებული ზიანის სრულად ანაზღაურება მოითხოვონ.
იმ შემთხვევაში, თუ ძალადობა ბავშვებსაც ეხება, სახელმწიფოები ვალდებული იქნებიან, მათ ბავშვებთან სამუშაოდ სპეციალურად მომზადებული პროფესიონალების დახმარება შესთავაზონ.
ევროკავშირის ქვეყნებს ეროვნული კანონმდებლობის ახალ წესებთან შესაბამისობაში მოსაყვანად სამი წელი ეძლევათ.
ევროკომისიის მონაცემებით, ევროკავშირის ქვეყნებში ყოველი მესამე ქალი ძალადობის ამა თუ იმ ფორმის მსხვერპლი გამხდარა.