ევროკავშირმა აეროპორტებისა და ავიაკომპანიების მოთხოვნა, ახალი ბიომეტრიული სასაზღვრო კონტროლის სისტემის (EES) მოქმედების შეჩერების შესახებ, არ დააკმაყოფილა, მიუხედავად იმისა, რომ თავადაც აღიარებს, რომ რიგ ქვეყნებში მგზავრთა გატარებასთან დაკავშირებული სერიოზული პრობლემები არსებობს.

ევროკავშირის წარმომადგენლების განცხადებით, სისტემა სრულყოფილი არ არის, თუმცა მისი სრულად შეჩერება არც საჭიროა და არც შესაძლებელი. ოფიციალური უწყების განმარტებით, თუ EES ზოგ ქვეყანაში იმუშავებს და სხვებში არა, ამან შესაძლოა მგზავრების საზღვრებზე გაჭედვასა და დამატებით გაუგებრობები გამოიწვიოს.

EES-ის ფარგლებში, ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების მოქალაქეები შენგენის ზონაში პირველი შესვლისას თითის ანაბეჭდებსა და სახის ბიომეტრიულ მონაცემებს აბარებენ, ხოლო ყოველი შემდგომი შესვლისა და გასვლის დროს მათი იდენტიფიკაცია ავტომატურად მოწმდება.

საერთაშორისო საჰაერო ტრანსპორტის ასოციაციის (IATA) ინფორმაციით, ახალი სისტემის გამო პორტუგალიაში, ესპანეთში, იტალიაში, საბერძნეთსა და ბელგიაში მგზავრები შეფერხებებსა და რეისების გამოტოვების შემთხვევებს აწყდებიან. დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანიამ Ryanair-მა კი პოპულარულ ტურისტულ აეროპორტებში, მათ შორის ალიკანტეში, მალაგასა და პალმა დე მაიორკაზე, „რიგების ქაოსის“ შესახებ გაფრთხილება გასცა.

ევროკავშირის მონაცემებით, შენგენის ზონის 1 500 სასაზღვრო გამშვები პუნქტიდან პრობლემები მხოლოდ დაახლოებით 20 ლოკაციაზეა,თუმცა  ერთ-ერთ მცირე რეგიონულ აეროპორტში, მაგალითად, ერთ საათში 3 000 მგზავრის მიღებამ და ბიომეტრიული შემოწმებისთვის მხოლოდ ოთხი ჯიხურის არსებობამ მნიშვნელოვანი შეფერხებები გამოიწვია.

ბრიუსელში აცხადებენ, რომ პრობლემური პუნქტების განტვირთვისთვის დამატებითი ზომები უკვე მიიღება. ლისაბონის აეროპორტში დამატებითი პერსონალია მობილიზებული, ხოლო ბრიუსელის აეროპორტში სასაზღვრო სააგენტო Frontex-ის 50 ახალი თანამშრომელი განთავსდა.

ევროკომისიის ინფორმაციით, EES-ის ამოქმედების შემდეგ შენგენის ზონაში 110 მილიონი შესვლა და გასვლა დაფიქსირდა, ხოლო 44 500 ადამიანს შესვლაზე უარი ეთქვა. მათ შორის არიან პირები, რომლებმაც ვიზიტორისთვის დაშვებული 90-დღიანი ვადა გადააჭარბეს, ყალბი დოკუმენტებით გადაადგილებას ცდილობდნენ ან უსაფრთხოების რისკად იყვნენ მიჩნეული.

ამ ეტაპზე ევროკავშირის არც ერთ წევრ სახელმწიფოს სექტემბრის შემდეგ სისტემის შეჩერების მოთხოვნით არ მიუმართავს, მიუხედავად იმისა, რომ ტურისტული და საავიაციო ინდუსტრიის წარმომადგენლები სწორედ ამას ითხოვენ. ევროკომისია აცხადებს, რომ ეროვნული ხელისუფლებებთან ერთად მუშაობს ტექნიკური და საოპერაციო პრობლემების მოსაგვარებლად, რათა საზღვრებზე რიგები და შეფერხებები შემცირდეს.