ევროკავშირის ქვეყნების ელჩებმა გაერთიანების გეგმას აუნთეს მწვანე შუქი, რომელიც 2027 წლის ბოლოსთვის რუსული გაზის იმპორტის ეტაპობრივ შეწყვეტას ითვალისწინებს, – ამის შესახებ ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის, დანიის მთავრობის პრესსპიკერმა განაცხადა.
გასულ კვირას ევროკავშირი კანონზე შეთანმხდა, რომელიც ბლოკს რუსულ ენერგორესურსებზე უფრო ნაკლებად დამოკიდებულს გახდის. შეთანხმების თანახმად, ევროკავშირი რუსული თხევადი ბუნებრივი გაზის იმპორტს – 2026 წლის ბოლომდე, ხოლო მილსადენებით გაზის მიწოდებას 2027 წლის სექტემბრის ბოლომდე სრულად შეაჩერებს.
მედიის ინფორმაციით, რუსული გაზის აკრძალვას ჯერ კიდევ სჭირდება ოფიციალური დამტკიცება ევროკავშირის ქვეყნების მინისტრების შეხვედრაზე და ევროპარლამენტის მიერ, ვიდრე კანონი ძალაში შევა.
როგორც ცნობილია, ევროპარლამენტი მას მომავალ კვირაში უყრის კენჭს, ხოლო ევროკავშირის მინისტრები, სავარაუდოდ, მომავალი წლის დასაწყისში დაამტკიცებენ.
ევროკავშირის ოფიციალური პირები ვარაუდობენ, რომ, უნგრეთისა და სლოვაკეთის წინააღმდეგობის მიუხედავად, ევროპარლამენტიც და მინისტრებიც შეთანხმებას უმრავლესობით დაამტკიცებენ.
1tv.ge