ევროკომისიამ მოამზადა და ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს გაუგზავნა ახალი დოკუმენტი, რომელიც თურქეთის მოქალაქეებისთვის შენგენის ვიზის მიღების გამარტივებასა და დაჩქარებას ითვალისწინებს. განმეორებითი განაცხადის შემთხვევაში ისინი 5 წლამდე მოქმედების მრავალჯერადი ვიზის მიღებას შეძლებენ.

ამის შესახებ თურქეთის ვაჭრობის მინისტრ ომერ ბოლატმა Anadolu-სთან ინტერვიუს დროს განაცხადა.

კერძოდ, დოკუმენტის თანახმად, თურქეთის მოქალაქეებს, რომლებსაც ადრე ვიზა მიღებული აქვთ, რეგულარულად მოგზაურობენ და სამშობლოში დარღვევების გარეშე ბრუნდებიან, მრავალჯერადი და გრძელვადიანი ვიზის მიღების შესაძლებლობა ეძლევათ. ეს ჯერ 6-თვიანი, შემდეგ 1 და 2-წლიანი, მოგვიანებით კი 3 და 5-წლიანი ვიზა იქნება.

მინისტრის თქმით, სავიზო ბარიერის მოხსნაზე მუშაობის პარალელურად ანკარა, ასევე, ევროკავშირში ტურიზმის, ვაჭრობის, ტრანსპორტის ან განათლების მიზნით მიმავალი თურქეთის მოქალაქეებისთვის პირობების შემსუბუქებას მოითხოვს. კერძოდ, შემცირდეს ლოდინის დრო, საელჩოებსა და საკონსულოებში პერსონალი და ტექნიკური შესაძლებლობები გაიზარდოს, გაფართოვდეს მათი შენობები და კომპიუტერული სისტემები განახლდეს.

ამჟამად თურქეთი ვიზის მიღების გამარტივებაზე იმ მოქალაქეებისთვისაც მუშაობს, ვინც განაცხადს პირველად ავსებს.

„დარწმუნებულები ვართ, უახლოეს მომავალში ვიზების გაცემა პირველადი განაცხადის შემტანთათვისაც გამარტივდება და დაჩქარდება. მთავარია დადგენილი პროცედურების დაცვა,“ - ამბობს ბოლატი.

ევროკავშირის მონაცემებით, გაცემული შენგენის ვიზების რაოდენობით თურქეთი, ჩინეთის შემდეგ, მსოფლიოში მეორე ქვეყანაა, სადაც წელიწადში მილიონზე მეტი ვიზა გაიცემა, ხოლო უარის საშუალო მაჩვენებელი, დაახლოებით, 15%-ია.

www.bpn.ge