ევროკავშირი მომდევნო კვირაში ისრაელის წინააღმდეგ სანქციების დაწესების წინადადებით გამოვა, – ამის შესახებ „ევროაქტივი“ წერს.  

როგორც გამოცემა წერს, ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახური აპირებს, გამოვიდეს წინადადებით, რომელიც ღაზის სექტორში ადამიანის უფლებების დარღვევის გამო ისრაელის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას ითვალისწინებს.

როგორც ვარაუდობენ, ევროკავშირის საგარეო უწყების წინადადება მოიცავს ისრაელთან ასოცირების შეთანხმების სრულად ან ნაწილობრივ შეჩერებას, ან ისრაელისთვის შეიარაღების მიწოდებაზე ემბარგოს დაწესებას.

სხვა ნაბიჯები, რომლებიც ევროკავშირში განიხილება, ასევე ითვალისწინებს ცალკეული თანამდებობის პირების მიმართ სანქციების დაწესებას, სავაჭრო შეზღუდვებს და ევროკავშირსა და ისრაელს შორის მეცნიერების სფეროში თანამშრომლობის შეჩერებას.

აღნიშნული ზომების უმეტესობა ევროკავშირში უკვე განიხილებოდა, თუმცა ეს იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახური ოფიციალურად წარადგენს ისრაელის წინააღმდეგ სანქციების წინადადებას.

„ევროაქტივის“ ცნობით, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები საკითხზე 15 ივლისს დაგეგმილ ევროპული საბჭოს სხდომაზე იმსჯელებენ.