ევროკავშირი თვლის, რომ „ჩელსის“ გაყიდვიდან მიღებული 2,3 მილიარდი ფუნტი უკრაინის აღსადგენად უნდა გადაირიცხოს, დიდი ბრიტანეთს კი სურს, რომ ეს თანხა ომით დაზარალებულ მოქალაქეების დახმარებაზე დაიხარჯოს. ამის შესახებ The Telegraph წერს.
გამოცემის თანახმად, ევროკავშირი და გაერთიანებული სამეფო ამ საკითხზე ვერ თანხმდებიან.
„ჩელსის“ ყოფილი მფლობელი რომან აბრამოვიჩი კლუბის გაყიდვის შემდეგ ბრიტანეთის ხელისუფლებას შეუთანხმდა, რომ ამ თანხით უკრაინელ ხალხს დაეხმარებოდნენ.
გაზეთის წყაროს ინფორმაციით, ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ, როგორც ჩანს, დიდმა ბრიტანეთმა ევროკავშირის პოზიცია გაიზიარა და 2,3 მილიარდი ფუნტი უკრაინის აღდგენას მოხმარდება. ჯერჯერობით უცნობია საჭირო იქნება თუ არა ამ საკითხზე რუს ოლიგარგთან კოორდინაცია.
რომან აბრამოვიჩმა „ჩელსის“ გაყიდვა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც რუსეთმა უკრაინაში ომი დაიწყო და მას დიდი ბრიტანეთისა და ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციები შეეხო.
ბიზნესმენმა 2003 წელს ფინანსურ კრიზისში მყოფი კლუბი 140 მილიონ ფუნტად იყიდა და მას შემდეგ ის საერთაშორისო არენაზე ყველაზე წარმატებულ ინგლისურ კლუბად აქცია. ბიზნესმენმა ჩელსის გაყიდვის გადაწყვეტილებას „რთული და მტკივნეული, თუმცა აუცილებელი“ უწოდა.