თურქეთის პრეზიდენტმა თაიფ ერდოღანმა ჯანმრთელობის მიზეზების გამო ოთხშაბათს და ხუთშაბათს დაგეგმილი წინასაარჩევნო მიტინგები გააუქმა. ამის შესახებ reuters-ი წერს.
„დღეს, ჩემი ექიმების რჩევით სახლში დავისვენებ,“ - დაწერა ერდოღანმა ოთხშაბათს თავის Twitter-ზე.
მოგვიანებით, AK პარტიის თავმჯდომარის მოადგილემ ერკან კანდემირმა თქვა, რომ ერდოღანი 27 აპრილს მერსინში, აკკუიუს ატომური ელექტროსადგურისთვის ბირთვული საწვავის მიწოდების ცერემონიას ონლაინ რეჟიმში დაესწრება, ასევე სამომავლოდ არის გადატანილ მერსინში დაგეგმილი წინასაარჩევნო აქციაც.
სამშაბათს გვიან, ერდოღანმა შეაჩერა პირდაპირი სატელევიზიო ინტერვიუ, რომლის დროსაც მან თქვა, რომ თავს ცუდად გრძნობდა მუცლის ღრუს პრობლემების გამო.
მოგვიანებით, რამდენიმე თურქულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თურქეთის პრეზიდენტს გულის ინფარქტი ჰქონდა და მისი ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო. მედიაში გავრცელებული ინფორმაცია უარყო კომუნიკაციების სამინისტრომ.
კომუნიკაციების სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ ინფომრაიცა იმის შესახებ, რომ პრეზიდენტ ერდოღანს გულის შეტევა ჰქონდა და საავადმყოფოში გადაიყვანეს სიმართლეს არ შეესაბამება.
„პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი პირდაპირი ჩართვით დაესწრება აკუიუს ატომური ელექტროსადგურის პირველი საწვავის ჩატვირთვის ცერემონიას, რომელიც ხვალ გაიმართება. ინფორმაცია, რომ პრეზიდენტ ერდოღანს გულის შეტევა ჰქონდა და საავადმყოფოში გადაიყვანეს სიმართლეს არ შეესაბამება,“ - ნათქვამია განცხადებაში.
ვიცე-პრეზიდენტმა ფუატ ოქტაიმ ასევე განაცხადა, რომ პრეზიდენტი თავს კარგად გრძნობს. „ჩვენი პრეზიდენტის ჯანმრთელობა ძალიან კარგია. ჩვენ მუდმივ კომუნიკაციაში ვართ. ის ოდნავ გაციებული იყო,“- განაცხადა ოქტაიმ.
14 მაისს დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნები წარმოადგენს უდიდეს საარჩევნო გამოწვევას თანამედროვე თურქეთის ყველაზე ხანგრძლივ მოქმედი ლიდერისთვის. საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვები აჩვენებს, რომ ორი ათწლეულის მმართველობის შემდეგ 69 წლის ერდოღანი შეიძლება ოპოზიციასთან დამარცხდეს.