შეერთებულ შტატებში რეკორდულ სიცხესთან ერთად, მძღოლები და საწყობის მუშების ნაწილი სამუშაო პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით გაიფიცა, რადგან სამუშაო ადგილებზე ტემპერატურა ხშირად 37 ცელსიუს გრადუსსაც კი აჭარბებს. - ამის შესახებ ინფორმაციას cbsnews ავრცელებს. გამოცემის ცნობით სხვადასხვა შტატში დასაქმებულები დღის განმავლობაში შემცირებული დროით მუშაობენ, რადგან სიცხემ, შესაძლოა, მათ სიცოცხლეს საფრთხე შეუქმნას.

ახლა, როცა კლიმატის ცვლილებამ დედამიწაზე ტემპერატურა რეკორდულ ნიშნულებამდე გაზარდა და კიდევ უფრო გაზრდაა მოსალოდნელი, კვლევები აჩვენებს, რომ სულ უფრო მეტია ეფექტი მომუშავეებზე და ეკონომიკაზე, რაც პროდუქტიულობას ამცირებს.

Resource Economics-ის წლიურ მიმოხილვაში გამოქვეყნებულ კვლევაში აღმოაჩინეს, რომ მომატებული ტემპერატურა ამცირებს მუშაობის ინტენსიურობას და ხარისხს, გაცდენის შემთხვევებს კი ზრდის.

“ექსტრემალური ტემპერატურის უარყოფითი ზემოქმედება ფართოა და მისი სიდიდე განსხვავდება სოციალური და ეკონომიკური ფაქტორების მიხედვით. გარდა ფიზიკური შედეგებისა, მაღალი ტემპერატურა აზიანებს გონებრივ პროდუქტიულობას, მათ შორის შემეცნებასა და სწავლას”, - წერია კვლევაში.

Lancet Countdown on Health and Climate Change Data-ს მონაცემებით, 2021 წელს სიცხემ 2.5 მილიარდი სამუშაო საათის დაკარგვა გამოიწვია. ეს 1990-1999 წლების საშუალოზე 36%-ით მეტია.

ანალიზით ირკვევა ისიც, რომ 2021 წელს 68 მილიარდი აშშ დოლარის შემოსავალი დაიკარგა ექსტრემალური სიცხით გამოწვეული შრომის პროდუქტიულობის შემცირების გამო.

ამერიკის შეერთებული შტატებისთვის, ისევე როგორც დანარჩენი სამყაროსთვის, სიცხეს ეკონომიკურ და სოციალურ ასპექტებზე აქვს გავლენა.

ამერიკული კვლევითი ინსტიტუტის მიერ გაანალიზებული ფედერალური მონაცემებით ირკვევა, რომ ქვეყანაში სამუშაოს დანაკარგების მესამედი ერთ, ტეხასის შტატზე მოდის.

„ტეხასში შრომითი პროდუქტიულობის დანაკარგი ყველაზე დიდია სიცხით გამოწვეული სტრესის გამო და ადაპტაციის გარეშე, ასე იქნება 2050 წლამდე. ტეხასის მაღალი დანაკარგები შეიძლება აიხსნას როგორც სიცხის დონით, ასევე ეკონომიკური აქტივობის შემადგენლობით. გარე სამუშაოების შედარებით მაღალი დონით“.

ტეხასში დაფუძნებული ანალიტიკური ფირმის, The Perryman Group-ის გამოთვლებით, მიმდინარე წლის მაღალი ტემპერატურა შტატს 9.5 მილიარდი აშშ დოლარი დაუჯდება, ხოლო თუ ეს ტენდენცია გაგრძელდება, 2050 წლისთვის 300 მილიარდ აშშ დოლარსაც გადააჭარბებს.