ეგვიპტის პრეზიდენტის ოფისმა და ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრომ სინას მთაზე მდებარე წმინდა ეკატერინეს მონასტრის რელიგიური სტატუსის შეცვლის განზრახვა კატეგორიულად უარყვეს. ამ საკითხზე დისკუსია ეგვიპტის სასამართლოს ბოლო გადაწყვეტილებამ განაპირობა, რომელმაც ათენსა და კაიროს შორის ისედაც არცთუ ისე მტკიცე ურთიერთობები, მცირე ხნით, კიდევ უფრო დაძაბა. თუმცა, მოგვიანებით, ორივე მხარემ დაადასტურა, რომ მონასტრის საკითხზე დიალოგის გაგრძელების მომხრეები არიან, ხოლო ეგვიპტის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ხაზგასმულია მისი პატივისცემა ამ ადგილის ამჟამინდელი სტატუსის მიმართ. საბერძნეთის მთავრობის წარმომადგენლები ამ განმარტებას მიესალმნენ და კაიროს პასუხი „სწორი მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯად“ შეაფასეს.
ეგვიპტეს აღებული აქვს ვალდებულება, რომ წმინდა ეკატერინეს მონასტერმა ბერძნული მართლმადიდებლური ეკლესიის სტატუსი შეინარჩუნოს.
„სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებამდე, ორი ქვეყნის მთავრობა, ათენში ეგვიპტის პრეზიდენტის ბოლო ვიზიტის დროს მიღწეული შეთანხმებებისა და მის მიერ გაკეთებული პირადი და საჯარო განცხადებების გათვალისწინებით, ინსტიტუციურ ფორმატში საკითხის მოგვარებაზე მსჯელობას გააგრძელებს. ყოველივე ამის მიზანია მონასტრის სიწმინდეებისა და ბერძნული მართლმადიდებლური იდენტობის დაცვა“, - განაცხადეს საბერძნეთის მთავრობის წარმომადგენლებმა.
ათენი ელის შემდგომ განმარტებებს სინას მთაზე მდებარე წმინდა ეკატერინეს მონასტრის საკუთრების შესახებ ეგვიპტის სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე, რომელმაც აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთის ორ სტრატეგიულ პარტნიორს შორის დიპლომატიური ესკალაცია გამოიწვია. ბერძნული მხარის მწვავე რეაქციის საპასუხოდ, როდესაც ოფიციალურმა ათენმა კაიროს მოუწოდა, დაეცვა ადრე მიღწეული შეთანხმება, ეგვიპტის პრეზიდენტმა გაავრცელა განცხადება, რომელშიც, სხვა საკითხებთან ერთად, საუბარია ორ მხარეს შორის არსებულ „ძმურ ურთიერთობებზე“. „პრეზიდენტი კიდევ ერთხელ ადასტურებს თავის სრულ ერთგულებას წმინდა ეკატერინეს მონასტრის უნიკალური და წმინდა რელიგიური სტატუსის შენარჩუნების მიმართ და ამ სტატუსისთვის ზიანის მიყენება დაუშვებლად მიაჩნია, ასევე ადასტურებს, რომ სასამართლოს ბოლოდროინდელი გადაწყვეტილება ამ სტატუსს აძლიერებს“, - ნათქვამია ეგვიპტის პრეზიდენტის მიერ 29 მაისს გაკეთებულ განცხადებაში. მანამდე, საბერძნეთის მთავრობის სპიკერმა ოფიციალურ კაიროს მონასტრის ბერძნული მართლმადიდებლური იდენტობის შენარჩუნების თაობაზე აღებული ვალდებულება შეახსენა. „საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი, კირიაკოს მიცოტაკისი იმ გარანტიების დაცვის მომხრეა, რომლებიც მან ეგვიპტის პრეზიდენტის, აბდელ ფატაჰ ელ-სისისგან მიიღო როგორც საჯარო, ისე პირად საუბრებში. ჩვენ ველით, რომ შესაბამისი შეთანხმება უკვე მიღწეული შეთანხმებულიდან გადახვევის გარეშე გაფორმდება“, - განაცხადა საბერძნეთის მთავრობის სპიკერმა, პავლოს მარინაკისმა. თუმცა, ეგვიპტის საგარეო საქმეთა სამინისტროს პოზიციიდან გამომდინარე, სინას მთაზე მყოფი ბერები წმინდა ეკატერინეს მონასტრის შენობების მხოლოდ მომხმარებლებად გამოიყურებიან. „მონასტრის სულიერი და მაღალი რელიგიური ღირებულებისადმი ინტერესიდან გამომდინარე, სასამართლოს გადაწყვეტილება ითვალისწინებს, რომ მონასტრის ბერებს კვლავაც აქვთ რელიგიური და არქეოლოგიური ადგილების გამოყენების უფლება“, - განმარტა ეგვიპტის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა. საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გიორგიოს გერაპეტრიტისმა ამ საკითხზე მოლაპარაკებები გამართა ეგვიპტელ კოლეგასთან, რა დროსაც ათენმა განაცხადა, რომ ორივე მხარე სისტემატურად მუშაობს შეთანხმების მიღწევაზე, რომლითაც მონასტერს ბერძნული მართლმადიდებლური ეკლესიის სტატუსი შეუნარჩუნდება. „საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრი დაუყოვნებლივ დაუკავშირდა ეგვიპტის საგარეო საქმეთა მინისტრს და განაცხადა, რომ არ არსებობს ორივე მხარის საერთო გაგებიდან გადახვევის საფუძველი, რომელიც ორ ქვეყნის ლიდერებმა ათენში თანამშრომლობის საბჭოს ბოლო სხდომაზე გამოხატეს“, - აღნიშნა საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, ლანა ზიოჰუმ. თავის მხრივ, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, იანის ლოვერდოსმა განაცხადა, რომ „ბერები არ არიან გაძევებულნი არც ერთი შენობიდან ან სივრციდან, რომელსაც ისინი იყენებენ“.
ამასთან, საკუთრების საკითხთან დაკავშირებით, კაირო აკონკრეტებს, რომ „განცალკევებულ“ და დაუსახლებელ ტერიტორიებად განსაზღვრული ადგილები უკვე კონფისკებულია. სასამართლოს გადაწყვეტილებაში საუბარია მონასტრისგან შორს მდებარე, დაუსახლებელ ტერიტორიებსა და ბუნებრივი თავშესაფრებზე, რომლებსაც არც საკუთრების და არც მითვისების დამადასტურებელი დოკუმენტირებული საბუთები არ გააჩნიათ. „შესაბამისად, ეს ტერიტორიები ეგვიპტის სახელმწიფო საკუთრებად ითვლება“, - აღნიშნულია ეგვიპტის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერის განცხადებაში. ათენი ეგვიპტის სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების მოლოდინშია.
წყარო: "საზოგადოებრივი მაუწყებელი"