უკრაინამ რუსეთის მიერ ომის დასაფინანსებლად გამოყენებული თითქმის 700 დამატებითი გემის წინააღმდეგ სანქციები დააწესა.

როგორც უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, ეს არის ტანკერებისა და გემების წინააღმდეგ მიმართული სანქციების ყველაზე დიდი პაკეტი.

„დღეს ძალაში შევიდა უკრაინის სანქციები თითქმის 700 დამატებითი საზღვაო გემის წინააღმდეგ, რომლებიც რუსებმა ომის დასაფინანსებლად გამოიყენეს. ეს არის რუსული ფლოტის მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელიც ნავთობისა და სხვა ენერგორესურსების ტრანსპორტირებას ახორციელებს და ომის გახანგრძლივებისთვის სახსრებს უზრუნველყოფს. ეს არის სანქციების ყველაზე დიდი პაკეტი, რომელიც კონკრეტულად ტანკერებისა და სხვა გემების წინააღმდეგ არის მიმართული. პაკეტი მოიცავს არა მხოლოდ რუსეთის, არამედ სხვა ქვეყნების დროშების ქვეშაც მცურავ გემებს“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

მისი თქმით, უკრაინა იმუშავებს იმის უზრუნველსაყოფად, რომ პარტნიორი ქვეყნების მიერ ასევე დაიბლოკოს თითოეული ეს გემი, გემთმფლობელი კომპანია და რუსული ნავთობისა და სხვა ენერგორესურსების ექსპორტის მთელი ინფრასტრუქტურა.

„ჩვენ მხარს ვუჭერთ რუსული ენერგორესურსების ექსპორტში ჩართული გემებისთვის საზღვაო მომსახურების სრული აკრძალვის კონცეფციას. სასურველი შედეგის მისაღწევად რუსეთზე ზეწოლა და დიპლომატია ომის დასასრულებლად უნდა იყოს ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებული. რუსეთმა უნდა დაასრულოს ომი, რომელიც თავად დაიწყო და აჭიანურებს“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

1tv.ge