როცა საქმე ფუფუნებასა და შინაურ ცხოველებს ეხება, ცოტა უჩვეულო ამბებს ვიგებთ ხოლმე… მაგალითად ახლა ძაღლის საკვების ბრენდმა Butternut Box-მა სამკაული გამოუშვა — 13 000 დოლარის ღირებულების ცხრაკარატიანი ოქროს გულსაბნევია, რომელიც თქვენი ძაღლის ექსკრემენტების პროფესიონალურად შენახულ ნიმუშს შეიცავს. დიახ, ნამდვილს და ოქროში ჩასმულს…
კრეატიული სტუდია House of Oddities-ის მიერ შექმნილი Poo(ch) Pendant არ არის მხოლოდ იმისთვის შექმნილი, რომ სასაუბრო თემად იქცეს, Butternut Box-ის ვეტერინარი, დოქტორი სიარა კლარკი ამბობს, რომ კარგი განავალი ნაწლავების ჯანმრთელობის მთავარი ინდიკატორია, რაც, თავის მხრივ, ძაღლის ხარისხიან კვებაზე მეტყველებს. სამკაულის შექმნის მიზანიც, სწორედ ამ აზრის გავრცელებაა…
„როცა ძაღლის განავალი კარგად გამოიყურება, ეს ძლიერი ნიშანია იმისა, რომ მისი მომნელებელი სისტემა კარგად მუშაობს. მართალია სამკაული ცოტა უცნაური შეიძლება იყოს, მაგრამ მშვენიერი გზაა ადამიანების ასალაპარაკებლად იმ თემაზე, რომელიც ნამდვილად მნიშვნელოვანია“.
აღსანიშნავია, რომ კამპანია Butternut Box-ის TikTok მაღაზიასთან ერთად წამოიწყეს, რათა ჯანსაღ საკვებსა და უკეთეს მონელებას შორის კავშირი ეჩვენებინათ – ეს კი ხშირად იგნორირებულია შინაური ცხოველების მოვლის ინდუსტრიაში.
გულსაბნევი ხელნაკეთია და მასზე გამოცდილმა იუველირმა იმუშავა. თითოეული უნიკალურია და ამას თან ახლავს მისი ყიდვისას მიღებული გამოცდილებაც — კონსიერჟი ყიდვის მსურველს თეთრი ხელთათმანებით მიაკითხავს, შეაგროვებს ძაღლის განავალს და შემდგომში მის მოოქროვებაზე იზრუნებს.
„ვიცით, რომ ზოგიერთი ძაღლის მფლობელი ამას შესანიშნავად ჩათვლის, თუმცა ზოგისთვის საზიზღრობა იქნება — ნებისმიერ შემთხვევაში ხალხი ამაზე ლაპარაკს დაიწყებს. ეს სამკაული განაცხადია და სიმბოლურად გამოხატავს შინაური ცხოველების პატრონების ზრუნვას ძაღლის ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე. სწორედ ამიტომ გვირჩევენ მომხმარებლები, ჩვენ ახალ პერსპექტივას ვთავაზობთ და ყოველთვის ვცდილობთ საზღვრებს გავცდეთ, რათა ძლიერი და პოზიტიური გზავნილი გავავრცელოთ“.
კამპანიაში ბრიტანელ მსახიობ ჯეს იმპიაზისა და მის ძაღლს ბადის ვხვდებით. ჯესისთვისაც ეს გულსაბნები შეხსენებაა იმისა, რომ კვების რაციონში მცირე ცვლილებებს შეუძლია, მნიშვნელოვანი ზეგავლენა მოახდინოს ზოგად ჯანმრთელობაზე…
წყარო: marketer.ge