ვფიქრობ, მაკრონი მართალია, დროა, ევროკავშირიც ესაუბროს რუსეთს, – ამის შესახებ იტალიის პრემიერ-მინისტრმა, ჯორჯია მელონიმ განაცხადა.
მისივე თქმით, ევროპა თუ ორი მხარიდან მხოლოდ ერთს ესაუბრება, მისი დადებითი წვლილი შეზღუდული იქნება.
„ვფიქრობ, მაკრონი მართალია ამ საკითხში. მე მჯერა, რომ დადგა დრო, ევროპამაც ისაუბროს რუსეთთან. თუ ევროპა გადაწყვეტს, რომ მოლაპარაკებების ამ ფაზაში მონაწილეობა მიიღოს მხოლოდ ორი მხრიდან ერთ-ერთთან საუბრით, ვშიშობ, რომ საბოლოოდ მისი დადებითი წვლილი შეზღუდული იქნება“, – აღნიშნა ჯორჯია მელონიმ.
მელონიმ განაცხადა, რომ ევროკავშირმა უნდა დანიშნოს წარმომადგენელი, რომელიც პირდაპირ იმუშავებს რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან და თავიდან აიცილებს დაბნეულობას.
„თუ ჩვენ შეცდომას დავუშვებთ და გადავწყვეტთ, ერთი მხრივ, რუსეთთან დიალოგის განახლებას და, მეორე მხრივ, ამას არაორგანიზებულად გავაგრძელებთ, პუტინს სამსახურს გავუწევთ. ეს პრობლემა თავიდანვე გვაქვს. ძალიან ბევრი ხმა საუბრობს, ძალიან ბევრი ფორმატია“, – აღნიშნა მელონიმ.
ცნობისთვის, საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინთან საუბარი სასარგებლო იქნებოდა.
მისი თქმით, ევროპელები და უკრაინელები დაინტერესებული არიან, იპოვონ სწორი ჩარჩო ამ დისკუსიაში სათანადოდ ჩასართველად.
„ვფიქრობ, ვლადიმერ პუტინთან საუბარი სასარგებლო იქნება. დიახ, ვხედავ, რომ არიან ადამიანები, რომლებიც ვლადიმერ პუტინს ელაპარაკებიან, ამიტომ ვფიქრობ, რომ ჩვენ, ევროპელები და უკრაინელები, დაინტერესებული ვართ, ვიპოვოთ სწორი ჩარჩო ამ დისკუსიაში სათანადოდ ჩასართველად. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ ერთმანეთთან ვსაუბრობთ, მომლაპარაკებლებთან, რომლებიც მარტო მოქმედებენ. რუსებთან განხილვა იდეალური ვარიანტი არ არის“, – განაცხადა ემანუელ მაკრონმა.
მაკრონის თქმით, ხანგრძლივი მოლაპარაკების შემდეგ, ლიდერებმა გადაწყვიტეს, რომ უკრაინას მომდევნო ორი წლის განმავლობაში 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხი გამოუყონ, რაც, მისი თქმით, მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია.
„ეს მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია. გადაწყვეტილება ერთხმად იქნა მიღებული“, – განაცხადა მაკრონმა.