აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ჯეფრი ეპშტინთან ერთად გამოქვეყნებულ ფოტოებს დიდი მნიშვნელობა არ აქვს.

„მე არ მინახავს ფოტოები, მაგრამ ყველამ იცოდა ეს კაცი. ის მთელ პალმ ბიჩში იყო. მას ყველასთან აქვს ფოტო. ასობით ადამიანია, ვისაც მასთან ფოტო აქვს გადაღებული. ასე რომ, ეს ბევრს არაფერს ნიშნავს“, – განუცხადა დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებს.

ცნობისთვის, აშშ-ის კონგრესის ზედამხედველობის კომიტეტის დემოკრატმა წევრებმა გამოაქვეყნეს ჯეფრი ეპშტეინის ახალი დოკუმენტები, მათ შორის აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ფოტოები.

დონალდ ტრამპი სამ ფოტოზეა გამოსახული. პირველ ფოტოზე რამდენიმე ქალბატონთან ერთად არის, რომელთა სახეებიც დაფარულია. კიდევ ერთი ფოტო 1997 წლის „ვიქტორია სეკრეტის“ წვეულებიდანაა, სადაც ტრამპი და ეპშტეინი ერთად ჩანან. ტრამპი მესამე სურათზეც ქალბატონთან არის, რომლის სახეც ასევე დაფარულია.

დონალდ ტრამპი და ჯეფრი ეპშტეინი წლების განმავლობაში მეგობრობდნენ, თუმცა, აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, მათი ურთიერთობა 2004 წელს შეწყდა, ბევრად ადრე, ვიდრე ეპშტეინი დააპატიმრეს.

1tv.ge