აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი „არაჩვეულებრივ ფიზიკურ ფორმაშია“ - ინფორმაციას Reuters თეთრი სახლის ექიმის, შონ ბარბელის დასკვნაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ექიმის დასკვნა 13 აპრილს, ტრამპის გეგმიური სამედიცინო შემოწმებიდან ორი დღის თავზე გამოქვეყნდა.

დასკვნა შეიცავს 78 წლის პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დეტალურ ინფორმაციას:

„პრეზიდენტ ტრამპს აქვს მშვენიერი კოგნიტური და ფიზიკური ჯანმრთელობის მდგომარეობა და სრულად არის მზად შეასრულოს სახელმწიფოს ხელძღვანელის მოვალეობები“, - წერს Reuters თეთრი სახლის ექიმზე დაყრდნობით.

დონალდ ტრამპი არის ყველაზე ხანდაზმული ადამიანი, რომელმაც 2025 წლის იანვარში, 78 წლის ასაკში, აშშ-ის პრეზიდენტის პოსტი დაიკავა.

ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გუშინ, 12 აპრილს, განაცხადა, რომ, რომ გეგმური სამედიცინო შემოწმების ფარგლებში კოგნიტური ტესტი წარმატებით ჩააბარა.

78 წლის პრეზიდენტის თქმით, მისი წინამორბედისგან, ჯო ბაიდენისგან განსხვავებით, რომელიც უარს ამბობდა ასეთ შემოწმებაზე, გადაწყვიტა, ტესტი ჩაებარებინა.

„არ ვიცი, კიდევ რა გითხრათ, გარდა იმისა, რომ ყველა კითხვას სწორად გავეცი პასუხი“, – განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს.

აშშ-ის პრეზიდენტს არ დაუკონკრეტებია, რა ტიპის ტესტი გაიარა და არც კონკრეტული შედეგები დაუსახელებია.

როგორც მან აღნიშნა, წარსულშიც არაერთხელ გაიარა კოგნიტური ტესტი და არასდროს დაუშვია შეცდომები.

ტრამპის მტკიცებით, მისი საერთო მდგომარეობაც დადებითია.

„საერთო ჯამში, მე ვიგრძენი, რომ ძალიან კარგ ფორმაში ვარ. კარგი გული, კეთილი სული. ძალიან კეთილი სული“, – აღნიშნა ტრამპმა.

აშშ-ის პრეზიდენტმა პირობა დადო, რომ სამედიცინო შემოწმების შედგები 13 აპრილს გამოქვეყნდება.

ცნობისთვის, კანონი არ ავალდებულებს აშშ-ის პრეზიდენტს საკუთარი ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაციის გასაჯაროებას, თუმცა აშშ-ის პოლიტიკაში ეს, გარკვეულწილად, ტრადიციად იქცა.

პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის მიმართ განსაკუთრებული ინტერესი არსებობდა ჯო ბაიდენის პრეზიდენტობის დროს, რადგანაც მისი ვადის მიწურულს გაჩნდა ეჭვები, რომ მას გონებრივ შესაძლებლობებთან დაკავშირებით პრობლემები აქვს. შედეგად, ბაიდენს 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობაზე უარი თქმა მოუწია.

წყარო: "რადიო თავისუფლება", 1tv.ge