,,ტარიფების“ ომი შესაძლოა ახალ ფაზაში გადავიდეს. ტრამპის მიერ დაწესებული მაღალი საექსპორტო გადასახადების საპასუხოდ ქვეყნებმა შესაძლოა ანალოგიურ გზას მიმართონ. აშშ-ის პრეზიდენტს მიაჩნია, რომ შტატების მიმართ სავაჭრო პარტნიორები უსამართლოდ იქცევიან. არასამართლიან დამოკიდებულებას კი ტრამპმა ომი მაღალი ტარიფების შემოღებით გამოუცხადა. პრეზიდენტის პოზიციას არ იზიარებს აშშ-ის სახაზინო მდივანი. სკოტ ბესენტმა პრეზიდენტს განსხვავებული მიდგომა შესთავაზა. მისი პოზიცია იყო, რომ უნივერსალური 2,5%-იანი ტარიფი დაეწესებინათ ყველა ქვეყნისთვის. ამ ტარიფის ზრდა კი სავაჭრო დეფიციტის მაჩვენებლის მიხედვით უნდა მომხდარიყო, თუმცა ტრამპმა პოზიცია არ შეცვალა. ამერიკელი ეკონომისტები და ფინანსისტები ამ გადაწყვეტილების გამო პრეზიდენტს აკრიტიკებენ და ამბობენ, რომ ამ ნაბიჯმა შესაძლოა მსოფლიო ეკონომიკა რეცესიის წინაშე დააყენოს და მნიშვნელოვნად გააუარესოს სიღარიბის დონე მთელს მსოფლიოში.

ძირითადი სატარიფო პაკეტი ექსპორტზე 10%-იანი გადასახადის დაწესებას ითვალისწინებს. თუმცა, რიგ ქვეყნებს ტრამპის გადაწყვეტილებით გაცილებით მაღალი ტარიფები დაუწესდათ. ასე მაგალითად: ვიეტნამს 46%-იანი, ტაილანდს 36%-იანი, ჩინეთს 34%-იანი, ინდონეზიას 32%-იანი, ტაივანს 32%-იანი, შვეიცარიას 31%-იანი ტარიფები აქვთ დაწესებული. 

რა გავლენას მოახდენს ტარიფების დაწესება მსოფლიო ეკონომიკაზე და სავაჭრო ურთიერთობებზე? მით უმეტეს, იმ ფონზე, როდესაც რიგმა ქვეყნებმა საპასუხო ზომებზე დაიწყეს საუბარი. საკითხზე ,,კომერსანტი“ ეკონომიკის ანალიტიკოსს დავით შატაკიშვილს ესაუბრა. პირველი საკითხი რაც მასთან განვიხილეთ ტრამპის მოტივაციაა. რა მიზანს ემსახურება მაღალი ტარიფების შემოღება და მიაღწევს თუ არა ის დასახულ მიზანს?

- ტრამპის მოტივი - ტარიფებით მიიღწევა თუ არა მიზანი?

,,ძირითადი არგუმენტი ტრამპის ადმინისტრაციის მხრიდან არის ის, რომ არასამართლიანი სავაჭრო პრაქტიკა უნდა აღმოვფხრათო. სავარაუდოდ, ამაში იგულისხმება ის, რომ ევროკავშირში ნებისმიერი ქვეყნიდან მანქანა შევიდეს 10%-იან გადასახადს ექვემდებარება, როცა ამერიკაში იგივე საქონელზე იმპორტზე არის 2,5%-იანი ტარიფი. დიდი ალბათობით, ასეთ დამოკიდებულებას გულისხმობდა ტრამპი არასამართლიან პრაქტიკაში. მოტივი, რომ ამერიკიდან რა წარმოებაც არის გატანილი დავაბრუნოთ ამერიკაში, მთლად ვერ მიიღწევა. მაგალითად, ამერიკულ კომპანიას ჩინეთში აქვს წარმოება. მას იმდენად იაფი უჯდება მუშა ხელი და იმდენად იაფი უჯდება წარმოება, რომ ეს რამდენად იქნება მოტივი, რომ ჩინეთში არსებულმა ამერიკულმა კომპანიებმა თქვან, რომ აბა ახლა წავედით ყველა ამერიკაში დავაბრუნოთ წარმოებაო - ეს რამდენად მოხდება ასე არ ვიცი. რადგან შეიძლება მათ უღირდეთ ამ ტარიფის გადახდა და მაინც უფრო იაფი გამოსდიოდეთ აზიურ ქვეყანაში წარმოება, ვიდრე ამერიკაში, უკან დაბრუნება. სავაჭრო დეფიციქი ძალიან გაეზარდა ბოლოს ამერიკას. ყველა ინტერვიუში თქვა ტრამპმა, რომ არის არასამართლიანი სავაჭრო პრაქტიკა, რაც უნდა აღმოიფხვრას. რამდენად გრძელვადიანი იქნება ეს ტარიფები და რამდენად დიდი ხანი შენარჩუნდება არ ვიცი. რადგან, ტრამპი იმპულსურია და შეიძლება ხვალ გამოვიდეს და სხვა განცხადება გააკეთოს. ამიტომ პროგნოზების გაკეთება რთულია.’’- აცხადებს დავით შატაკიშვილი.

ტრამპის მიერ დაწესებულმა ტარიფებმა დიდი უკმაყოფილება გამოიწვია. ქვეყნებმა საპასუხო ზომების მიღებაზე დაიწყეს საუბარი. ევროკავშირში კი შეშფოთებას აფიქსირებენ და აცხადებენ, რომ ეს გადაწყვეტილება უდიდესი დარტყმაა მსოფლიო ეკონომიკისთვის.

ძალიან ვწუხვარ ამ არჩევანის გამო. გლობალური ეკონომიკა მასიურად დაზარალდება. გაურკვევლობა გაიზრდება და გამოიწვევს შემდგომი პროტექციონიზმის ზრდას. შედეგები საშინელი იქნება მილიონობით ადამიანისთვის მთელს მსოფლიოში. მილიონობით მოქალაქეს სასურსათო გადასახადები გაეზრდება, სამკურნალო საშუალებები და ტრანსპორტირება გაძვირდება. ინფლაცია გაიზრდება. ვეთანხმები პრეზიდენტ ტრამპს, რომ სხვები უსამართლოდ სარგებლობენ არსებული წესებით და მზად ვარ, მხარი დავუჭირო ნებისმიერ ძალისხმევას, რათა გლობალური სავაჭრო სისტემა მოერგოს გლობალური ეკონომიკის რეალობას. მაგრამ ასევე მინდა გარკვევით ვთქვა: ტარიფები ამას არ გამოასწორებს.’’- განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

ამავე განცხადებაში ევროკომისიის პრეზიდენტმა აღნიშნა: ,,მზად ვართ რეაგირებისთვის, ვასრულებთ საპასუხო ზომების პირველ პაკეტს ფოლადზე დაწესებული ტარიფების საპასუხოდ და ვემზადებით შემდგომი ზომებისთვის, რათა დავიცვათ ჩვენი ინტერესები და ბიზნესი.’’

,,ევროკავშირის განგაში“ - როგორ აისახება ,,ტარიფების ომი“ ამერიკასა და ევროკავშირს შორის არსებულ ურთიერთობებზე?

,,ევროკავშირისთვის ამერიკა არის ექსპორტის მეხუთედი. ევროკავშირი ყოველწლიურად საკუთარი ექსპორტის დაახლოებით 20% ამერიკაში ახდენს. ორი სცენარი გამოვყოთ. ერთი, ევროკავშირი არ აწესებს ტარიფებს ამერიკის მისამართით და მარტო ამერიკა აწესებს ევროკავშირის მისამართით ტარიფებს. ეს პირველი სცენარი ევროკავშირს მაინც შეეხება. ბუნებრივია, რომ ამერიკაში ტარიფების გამო პროდუქტების ფასი გაიზრდება. ის პროდუქტი, რომელიც ექსპორტზე გადის ევროკავშირში, მას ფასი მაინც გაეზრდება. მეორე სცენარი - ევროკავშირი აწესებს ტარიფს ამერიკულ პროდუქტებზე. ესეც ნიშნავს, რომ ევროკავშირი საბოლოო პროდუქტს რასაც აწარმოებს იმისი ფასი მაინც იზრდება. ორივე შემთხვევაში იზრდება. ევროკავშირი მაგიტომ წუხს, რომ ფასები გაიზრდება. შემდეგ ევროპის ცენტრალური ბანკი გაამკაცრებს მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს. შემდეგ ეკონომიკა შენელდება. დავუშვათ, ევროკავშირმა დააწესა საპასუხო ტარიფები ამერიკულ პროდუქტებზე (დიდი ალბათობით დააწესებს, რადგან გაკეთდა განცხადებები ამაზე) ეს რა თქმა უნდა იმოქმედებს სავაჭრო ბრუნვაზე. ნაკლები მიმოცვლა იქნება ქვეყნებს შორის პროდუქტების. როცა სავაჭრო ბრუნვა მცირდება, ზოგადად ამას აქვს ირიბი, ზოგან პირდაპირი გავლენა სხვადასხვა ინდუსტრიაზე. მაგალითად, თუ გლობალური ვაჭრობა შემცირდა (ვგულისხმობ ამერიკას და ევროპას, ამერიკას და აზიას შორის) ამას ექნება სხვა გავლენები საბანკო სექტორზე. შეუმცირდებათ გადარიცხვები. შესაბამისად, შეუმცირდებათ აქედან აღებული საკომისიოები თუ ფინანსები, რითაც ეს ინდუსტრია საზრდოობს. ასევე შეეხება ტრანსპორტს და გადაზიდვებს. ავიაციას, სახმელეთო და საზღვაო გადაზიდვებს. გადაზიდვას თუ შეეხება ეს შეეხება ენერგეტიკასაც. ნაკლები საწვავის მოხმარება გვექნება. ეს არის ჯაჭვური ეფექტი და არ უნდა დავინახოთ მარტო ვაჭრობა.’’- აცხადებს დავით შატაკიშვილი.

ტარიფების გავლენა თავად ამერიკის შეერთებულ შტატებზე

,,ერთ-ერთი ამერიკული ორგანიზაციის კვლევაში განხილულია ასეთი სცენარი - იმ ქვეყნებმა, რომლებსაც დაუწესეს მაღალპროცენტიანი ტარიფები, მათაც რომ დააწესონ საპასუხო ტარიფები, რა გავლენა ექნება ამას მათ ეკონომიკაზე და მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდაზე. პროგნოზი იყო, რომ ამ წელს ამერიკის ეკონომიკა შემცირდება 1,45%-ით. ამერიკელ მწარმოებელს, რომელიც იყენებს იმპორტირებულ, შუალედურ პროდუქციას, მაგალითად ამერიკული ავტომობილების ძალიან დიდი ნაწილი მოიხმარს კანადურ, მექსიკურ და ჩინურ გადაცემათა კოლოფებს, ძრავებს და სხვა ნაწილებს. ეს არის ერთი ინდუსტრია, მაგრამ ასეთი ბევრია. ამერიკელ მწარმოებელს უძვირდება პროდუქტი სატარიფო პოლიტიკიდან გამომდინარე და იმპორტირებული შუალედური საწარმოო კომპონენტების გაძვირებიდან გამომდინარე. ეს იწვევს საბოლოო პროდუქტის ფასის ზრდას. ამას აქვს გავლენა როგორც შიდა ბაზარზე, რადგან მომხმარებელს უძვირდება პროდუქტი, ასევე გავლენა აქვს ექსპორტზე. მისი საექსპორტო ფასი იზრდება. ფასების ზრდა მოჰყვება. ბუნებრივია, იმპორტირებული პროდუქტის ფასი რომ იმატებს, ადგილობრივი პროდუქტის ფასიც მოიმატებს. როცა საწარმოო კომპონენტის ფასი იმატებს და საბოლოო მოხმარების პროდუქტის ფასი ძვირდება, იქ მუშა ხელის ფასი იმატებს. დასათვლელი იქნება დანახარჯი-სარგებლიანობის მაჩვენებლები. ადამიანებს ფასები რა პროცენტულობით მოემატებათ და როგორი იქნება ხელფასების ზრდა.’’- განმარტავს დავით შატაკიშვილი.

ტარიფების გავლენა სხვა ქვეყნებზე

,,ერთ-ერთი ამერიკული კვლევითი ორგანიზაციის ანგარიშის მიხედვით კანადის ეკონომიკა 1,65%-ით, ჩინეთის 0,3%-ით, მექსიკის 2,24%-ით შემცირდება. ამ შემთხვევაში, გასათვალისწინებელია ის, რომ მექსიკა და კანადა ექსპორტის 75%-ზე მეტს ამერიკაში ახორციელებენ. მათთვის ეს დიდი დარტყმა იქნება. ძირითადად, მაღალი ტარიფების უარყოფითი გავლენა შეეხება იმ ქვეყნებს, რომლებიც მეტ წილად ამერიკაში ექსპორტზე არიან დამოკიდებულები. ამ ქვეყნებში შედიან კანადა, მექსიკა, ჩინეთი, ტაივანი, ტაილანდი, ვიეტნამი, სამხრეთ კორეა და შვეიცარია. დიდი ალბათობით, ძირითადად აზიის მხარეს უფრო დაარტყამს ტარიფები, ანუ ეკონომიკური ზრდის კუთხით და საექსპორტო კუთხით, ვიდრე ჩვენნაირ ქვეყნებს და ევროპის საშუალო განვითარების ქვეყნებს.’’- აცხადებს დავით შატაკიშვილი.

ეკონომიკის ექსპერტი განმარტავს, რომ როდესაც ფასები იზრდება ეროვნული ბანკები მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს ამკაცრებენ. მისივე თქმით, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის ზრდა აკავებს ინფლაციას, თუმცა იწვევს ეკონომიკური ზრდის ტემპის შენელებას. რადგან ნაკლები ფული ცირკულირებს ბიზნესში და მოსახლეობაში. დავით შატაკიშვილი ამბობს, რომ ტარიფების დაწესებას რთული და ჯაჭვური ეფექტი ექნება, რომელიც მხოლოდ სავაჭრო ურთიერთობებს არ შეეხება.