დანიამ რუსეთი 2024 და 2025 წლებში ინფრასტრუქტურასა და სამთავრობო ვებგვერდებზე მომხდარ კიბერშეტევებში ოფიციალურად დაადანაშაულა.
დანიის დაზვერვის სამსახურის ინფორმაციით, 2024 წლის ბოლოს პრო-რუსული ჯგუფი Z-Pentest თავს დაესხა Tureby Alkestrup-ის წყალმომარაგების სისტემას და შეცვალა წყლის წნევა, რითაც ქალაქ კიოგეში, კოპენჰაგენიდან 35 კილომეტრის დაშორებით, რამოდენიმე მილი გახეთქა.
დანიის ხელისუფლების თქმით, აღნიშნული ჯგუფი რუსეთის სამხედრო დაზვერვასთანაა დაკავშირებული.
ამასთან, ნოემბერში, რეგიონულ და ადგილობრივ არჩევნებამდე, კიდევ ერთმა პრო-რუსულმა ჯგუფმა, NoName057-მა, დანიურ სამთავრობო ვებგვერდებზეც მიიტანა იერიში.
დანიის დაზვერვის სამსახურის შეფასებით, ორივე ჰაკერული ჯგუფი რუსული სახელმწიფოს მიერ დასავლეთის წინააღმდეგ წარმოებული ჰიბრიდული ომის ინსტრუმენტს წარმოადგენს, რომლის მიზანიც უკრაინის მხარდამჭერი ქვეყნების დაშინება და დესტაბილიზაციაა.