დანია კარგი და ძლიერი მოკავშირეა ნატო-ს ყველა წევრისთვის, ამერიკელების მხარდამხარ ვიყავით რთულ სიტუაციებში და აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის მხრიდან დანიის დახასიათება სწორი არ არის, – ამის შესახებ დანიის პრემიერ-მინისტრმა, მეთე ფრედერიქსენმა სოციალურ ქსელში დაწერა.

დანიის მთავრობის ხელმძღვანელის თქმით, რუსეთის მხრიდან საფრთხის არსებობის ფონზე, დანიამ მნიშვნელოვნად გაზარდა თავდაცვის ხარჯები.

მეთე ფრედერიქსენი ამავდროულად ეთანხმება მოსაზრებას, რომ არქტიკაში უსაფრთხოებას მაღალი პრიორიტეტი უნდა მიენიჭოს.

„დანია ახლა აძლიერებს ძალისხმევას, სხვა საკითხებთან ერთად, მეტი სადაზვერვო საშუალებები, ახალი არქტიკული ხომალდები, შორი მანძილის უპილოტო აპარატები და სატელიტური სიმძლავრე. მოგვიანებით, მეტი სიმძლავრე იქნება. ჩვენ შეგვიძლია, უფრო სწრაფად გავაძლიეროთ უსაფრთხოება, თუ ჩვენ შევძლებთ საჭირო მიწოდების მიღებას აშშ-დან. გრენლანდია ნატო-ს ნაწილია და ამიტომაც არის საჭირო, რომ ნატო-მ მნიშვნელოვნად გაზარდოს თავისი ყოფნა არქტიკაში. არქტიკაში უსაფრთხოება ნატო-სა და ყველა არქტიკული მოკავშირისთვის მნიშვნელოვანია. ჩვენ მზად ვართ, დღედაღამ ვითანამშრომლოთ ამერიკელებთან. თანამშრომლობა, რომელიც უნდა ეფუძნებოდეს თამაშის აუცილებელ საერთაშორისო წესებს“, – დაწერა დანიის პრემიერ-მინისტრმა.

ცნობისთვის, გრენლანდიაში ვიზიტისას აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა განაცხადა, რომ დანიას გრენლანდიის ხალხისთვის კარგი სამუშაო არ გაუკეთებია.

შეგახსენებთ, დანიას აშშ-ის ტონი არ მოსწონს. ქვეყნის პირველი პირები აკრიტიკებენ აშშ-ის ხელისუფლების განცხადებების ტონს გრენლანდიასთან დაკავშირებით და ვაშინგტონს არქტიკაში უსაფრთხოების გასაძლიერებლად თანამშრომლობისკენ მოუწოდებენ.