ჩვენ რუსეთზე ზეწოლის ზრდას ვაგრძელებთ, - ასე ეხმაურება ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასი რუსული აქტივების განუსაზღვრელი ვადით გაყინვის შესახებ ევროკავშირის გადაწყვეტილებას.

„ეს უზრუნველყოფს იმას, რომ 210 მილიარდ ევრომდე ოდენობის რუსეთის თანხები ევროკავშირის ტერიტორიაზე დარჩება, ვიდრე რუსეთი მის მიერ მიყენებული ზარალისთვის უკრაინას რეპარაციებს არ გადაუხდის. უკრაინის ფინანსური საჭიროებების უზრუნველყოფის მიზნით მომავალ კვირას დაგეგმილი ევროპული საბჭოს სამიტი გადამწვეტი მნიშვნელობის იქნება“, - წერს კალასი X-ზე.

შეგახსენებთ, ევროკავშირი რუსული აქტივების განუსაზღვრელი ვადით გაყინვის შესახებ შეთანხმდა. ეს გადაწყვეტილება უნგრეთისა და სლოვაკეთის მიერ აქტივების გაყინვის გაგრძელებაზე ვეტოს დადების შესაძლებლობას გამორიცხავს. ევროკავშირის გადაწყვეტილება ევროპაში რუსეთის ცენტრალური ბანკის აქტივების გაყინვის გაგრძელების შესახებ ყოველ ექვს თვეში ახალი კენჭისყრის ჩატარების ნაცვლად, აქტივების განუსაზღვრელი ვადით გაყინვას ითვალისწინებს.