„ტარიფების ომი“- ასე ფასდება აშშ-სა და ჩინეთს შორის დღეს არსებული სავაჭრო ურთიერთობები. დონალდ ტრამპმა ჩინეთიდან იმპორტირებულ საქონელზე ტარიფები გააორმაგა. პეკინმა კი პასუხი არ დააყოვნა და მას შემხვედრ ტარიფებს დაუპირისპირებს. ჩინეთის სახელმწიფო საბჭოს სატარიფო კომისიის განცხადებაში აღნიშნულია, რომ 15%-იანი ტარიფი დაწესდება - ქათმის ხორცზე, ხორბალზე, სიმინდსა და ბამბაზე. 10%-იანი ტარიფი კი დაწესდება: სოიოზე, ღორის და საქონლის ხორცზე, წყლის პროდუქტებზე, ხილზე, სორგოზე, ბოსტნეულსა და რძის პროდუქტებზე.
რა არის ტარიფი?- ეს საიმპორტო გადასახადია, რომელიც ბიზნესებსა და კომპანიებს აშშ-ში კონკრეტული პროდუქციის შეტანის შემთხვევაში დაეკისრებათ. ლოგიკურია, რომ ტარიფების დაწესებით ამერიკულ ბაზარზე ჩინეთიდან შეტანილი პროდუქტის ფასი გაძვირდება. ,,ტარიფების ომი’’ ხელოვნურად გააძვირებს პროდუქტს - აცხადებს ,,კომერსანტთან’’ საუბარში ანალიტიკოსი დავით შატაკიშვილი. მისი თქმით, ორ ქვეყანას შორის დაძაბული სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობები და საპასუხო ტარიფები დიდი ალბათობით გავლენას მოახდენს მსოფლიოში პროდუქტის ფასებზე და ის გაიზრდება.
,,რაღაც გაგებით აისახება. თუ ამერიკამ დაადო ტარიფები ჩინურ პროდუქტს და ამის გამო, ჩინური პროდუქტი გაძვირდა ადგილზე ეს ჩვენზეც მოახდენს გავლენას. თუმცა კოლოსალური და მასშტაბური გავლენა რთული წარმოსადგენია. ჩინეთში ადგილობრივად პროდუქტზე ფასი თუ გაიზარდა, რაც დიდი ალბათობით მოსალოდნელია, ამ შემთხვევაში არა მხოლოდ ჩვენზე, არამედ მთელს მსოფლიოზე მოახდენს გავლენას ფასების ზრდის კუთხით.’’- აცხადებს დავით შატაკიშვილი.
ტარიფების დაწესების ერთ-ერთი მთავარი მიზანი წარმოების ჩინეთიდან აშშ-ში გადმოტანაა. ანალიტიკოსს ვკითხეთ, იმოქმედებს თუ არა ეს ბიზნესებისა და კომპანიების მოტივაციაზე და დააბრუნებს თუ არა ეს მათ აშშ-ში? დავით შატაკიშვილი განმარტავს, რომ ჩინეთიდან აშშ-ში წარმოების გადატანა პროდუქტის თვითღირებულებას გაზრდის, რადგან მათ წარმოებისთვის საჭირო ნედლეული და მასალები გაუძვირდებათ. კომპანიებმა ამ გარემოების გამო შესაძლოა თავი შეიკავონ წარმოების გადატანისგან.
,,თუ კომპანია ჩინეთიდან გადავიდა ამერიკაში, მას წარმოებისთვის საჭირო მასალები მაინც გაუძვირდება. ჩინეთმა ამერიკაში, რომ გადაიტანოს წარმოება და ტარიფები დარჩეს ძალაში, მათ შორის ევროპასთან, კანადასთან და მექსიკასთან, საიდანაც ძალიან დიდი ოდენობის პროდუქცია შედის ამერიკაში (ჩინეთი, მექსიკა და კანადა ამერიკის იმპორტის დაახლოებით 40%-ს ქმნიან) ამ შემთხვევაში, კომპანიას პროდუქციის საწარმოო მასალები ძვირი გამოუვა. კომპანიამ დანახარჯებისა და სარგებლიანობის ანალიზი რომ გააკეთოს უბრალოდ არ ვიცი რამდენად უღირთ წარმოების გადატანა შტატებში.’’- აცხადებს დავით შატაკიშვილი.
ტარიფების შემოღება ადგილობრივი წარმოების პროდუქციის ფასსაც გაზრდის. დავით შატაკიშვილი არსებულ გამოცდილებაზე მიუთითებს და კონკრეტული მაგალითი მოჰყავს, როდესაც 2018 წელს ტრამპის მიერ დაწესებულმა ტარიფებმა ამერიკის ბაზარზე ფასები გააძვირა. შედეგად, შტატების მოსახლეობას პროდუქციის შესაძენად გაცილებით დიდი თანხის გადახდა მოუწია, ვიდრე ტარიფების არარსებობის შემთხვევაში მოუწევდა.
,,არსებობს ასეთი მოსაზრება, რომ როდესაც იმპორტირებულ პროდუქციაზე ტარიფების გამო ფასები იზრდება, ამას აფექტი არ აქვს ადგილობრივი წარმოების პროდუქტის ფასებზე და ის იგივე რჩება. მაგრამ, ეს რეალურად მითია. ამისი კარგი მაგალითია 2018 წელი. ტრამპმა ამ წელს დააწესა ტარიფები სარეცხის მანქანებზე. ამ ლოგიკით, მაშინ ადგილობრივი წარმოების სარეცხის მანქანებზე ფასი უნდა დარჩენილიყო იგივე. მაგრამ მოხდა ის, რომ გაიზარდა არა მხოლოდ იმპორტირებული და ადგილობრივი წარმოების პროდუქტის ფასები, არამედ გაიზარდა საშრობების ფასებიც. მიუხედავად იმისა, რომ საშრობი არ იყო უშუალოდ დაწესებული ტარიფების სამიზნე, ფასები მაინც გაიზარდა, რადგან ამას ჰქონდა ირიბი გავლენა. ის ლოგიკა, რაც ტრამპის ადმინისტრაციას აქვს, რომ იმპორტირებულ პროდუქტზე ფასები გაიზრდება და ამით გაძლიერდება ადგილობრივი წარმოება და მასზე ფასები არ გაიზრდება, ეს ასე არ არის. ამას პრაქტიკა აჩვენებს. ამას ასევე ამატებენ იმას, რომ სამუშაო ადგილებზე აქვს დადებითი გავლება. 2018 წლის მაგალითზე ეს მართლა ასე იყო. 2018 წელს LG-მ, Sumsung-მა კიდევ ერთმა ნაკლებად ცნობილმა კომპანიამ სარეცხი მანქანების წარმოება დაიწყეს ამერიკაში და დაახლოებით 2 ათასამდე სამუშაო ადგილი შექმნეს. იმ პერიოდში, ამერიკის ბიუჯეტმა დაახლოებით 80 მლნ-მდე შემოსავალი მიიღო, მაგრამ გაძვირებული პროდუქციის ხარჯზე, ამერიკელებს მის შესაძენად მილიარდ ნახევრით მეტის გადახდა მოუწიათ. სახელმწიფო ბიუჯეტმა მიიღო 80 მლნ, მაგრამ ხალხმა გაძვირების შედეგად ჯამურად გადაიხადა 1,5 მლრდ-ით მეტი, ვიდრე სხვა შემთხვევაში გადაიხდიდა. იგივე ამბავი მოხდა სოფლის მეურნეობის პროდუქტების შემთხვევაში. ტრამპმა ჩინეთს დაუწესა ტარიფები. ჩინეთმაც დააწესა საპასუხო ტარიფები ამერიკულ სოფლის მეურნეობის პროდუქტებზე. რაც შეეხო ლობიოს, სოიოს მარცვლებს და სხვა. ამან დაახლოებით 10 მლრდ-ით აზარალა ამერიკელი ფერმერები, რადგან ეს ხალხი დიდად იყო დამოკიდებული ჩინეთში ექსპორტზე. შემდეგ 15 თუ 18 მლრდ-ის სუბსიდირება გააკეთა ტრამპმა, რომ ფერმერებისთვის ეს დანაკლისი შეევსო.’’- აცხადებს დავით შატაკიშვილი.
ანალიტიკოსს მაგალითად მოჰყავს ამერიკული რამდენიმე კვლევითი ორგანიზაციის გათვლა, რომლის მიხედვითაც ტარიფების შენარჩუნების შემთხვევაში, გრძელვადიან პერიოდში თითოეული ამერიკული ოჯახი წლიურად დამატებით, დაახლოებით 2 ათას დოლარამდე თანხას გადაიხდის. დავით შატაკიშვილი ამბობს, რომ ტარიფების დაწესება ვერც სხვა მიზანს მიაღწევს. ტრამპს სავაჭრო დეფიციტის შემცირება სურს, თუმცა წინა პერიოდში ტარიფების შემოღებამ არა თუ შეამცირა, არამედ გაზარდა შტატების სავაჭრო დეფიციტი.
,,ტრამპის მიდგომა ასეთია, რომ თუ მისი სავაჭრო დეფიციტი იზრდება ეს ადამიანი აღიქვამს ამას, რომ ამერიკა აგებს და ჩინეთი იგებს. 2018 წელს, როდესაც ტრამპმა დაიწყო სავაჭრო ომი ჩინეთთან, მაშინ ჩინეთის სავაჭრო ნამატი დაახლოებით 350 მლრდ იყო. ამერიკის სავაჭრო დეფიციტი მაშინ დაახლოებით 600 მლრდ იყო. მაშინ ტრამპმა დააწესა ტარიფები, რომელთა დიდი ნაწილიც ძალაში დარჩა, რადგან ტარიფის მოხსნა ბიუროკრატიულად არ არის მარტივი ამბავი. შარშან ჩინეთმა რეკორდი დაამყარა და დაახლოებით ერთი ტრილიონი სავაჭრო ნამატი ჰქონდა. ამერიკას ჰქონდა 900 მლრდ-მდე სავაჭრო დეფიციტი. ტარიფების მიუხედავად, ჩინეთმა 2018 წლიდან სამჯერ გაზარდა სავაჭრო ნამატი. ამერიკის ადმინისტრაციას ჰქონდა ლოგიკა, რომ ტარიფებით უნდა შემცირებულიყო სავაჭრო დეფიციტი, პირიქით მოხდა და გაზარდა სავაჭრო დეფიციტი. ამიტომ, ეს ლოგიკა, რომ ტარიფების დაწესებით სავაჭრო დეფიციტი მცირდება მთლად რეალობასთან ახლოს არ არის.’’- აცხადებს დავით შატაკიშვილი.
ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ ტარიფების შემოღებით არც ნარკოტიკების რეალიზების პრობლემა მოიხსნება. დავით შატაკიშვილი განმარტავს, რომ ეს უზარმაზარი ინდუსტრიაა, რომელშიც ბევრი ადამიანია ჩართული. ,,საზღვრის დაცვის პრობლემა იქნება თუ ნარკოტიკების პრობლემა ისე ვერ მოგვარდება, როგორც ტრამპს წარმოუდგენია. წარსულ გამოცდილებაზე დაყრდნობით, ამ ტარიფებს უარყოფითი გავლენა უფრო მეტი აქვს ვიდრე დადებითი.’’- აცხადებს ანალიტიკოსი.