ევროპარლამენტის პრეზიდენტის, რობერტა მეცოლას თქმით ჩინეთმა ევროპარლამენტის 4 წევრისა და ადამიანის უფლებათა კომიტეტისთვის დაწესებული სანქციების გაუქმების გადაწყვეტილება მიიღო.
"ჩვენმა საპარლამენტო კომიტეტებმა ჩინელ კოლეგებთან ევროპული ინტერესების განხილვა უარყოფითი შედეგების შიშის გარეშე უნდა შეძლონ". - განაცხადა მეცოლამ.
ევროპარლამენტის პრეზიდენტის თქმით, ჩინეთთან ურთიერთობა კომლექსურად და მრავალმხრივად რჩება, თუმცა მის სამართავად საუკეთესო გზა დიალოგია.
ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა გუო ჯიაკუნმა 14 მაისს პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ "ჩინეთსა და ევროპას შორის ეკონომიკური და სავაჭრო თანამშრომლობა ორმხრივად მომგებიანია".
"ჩინეთისა და ევროკავშირის საკანონმდებლო ორგანოები ორმხრივი ურთიერთობების მნიშვნელოვანი ნაწილია და იმედი გვაქვს, რომ ორივე მხარე კონტაქტებს გააძლიერებს". - თქვა ჯიაკუნმა.
მისი თქმით, ევროპარლამენტის წევრების ჩინეთში უფრო ხშირ ვიზიტებს მიესალმებიან.
10 პირი 2021 წელს მას შემდეგ დასანქცირდა, რაც ჩინელ ოფიციალურ პირებს მუსლიმი უიღურების მასობრივი დაკავებების გამო დასავლური სანქციები დაუწესდათ.
ჩინეთის მიერ დაწესებული სანქციები აღნიშნული პირებისა და მათი ოჯახის წევრების ჩინეთში მოგზაურობას ზღუდავდა და მათთან დაკავშირებულ ორგანიზაციებს ჩინეთთან ბიზნესის წარმოებას უკრძალავდა.
ჩინეთის მიერ სანქციების გაუქმების გადაწყვეტილება არ შეეხო "მწვანეთა" პარტიის ყოფილ ევროპარლამენტარს, რაინარდ ბუეტიკოფერს, რომელიც ჩინეთის მიერ სანქცირებულ პირთა სიაში იმყოფებოდა.
მან კოლეგებს სანქციების მოხსნა მიულოცა, თუმცა აღნიშნა, რომ სამწუხაროა ის ფაქტი, რომ ევროპარლამენტის ხელმძღვანელობამ მეტი არ გააკეთა იმისთვის, რომ ჩინეთს დარჩენილი სანქციებიც მოეხსნა იმ ექვსი პირის მიმართ, რომლებიც სხვადასხვა ქვეყნების პარლამენტებში, სამოქალაქო სექტორსა და ანალიტიკურ ცენტრებში საქმიანობენ.
წყარო: tabula.ge