ჩინეთმა მიიღო ახალი კანონი „ეთნიკური ერთობის შესახებ“, რათა ქვეყანაში მცხოვრებ 55 ეთნიკურ უმცირესობაში ეროვნული იდენტობა გააძლიეროს. თუმცა, როგორც „როიტერი“ იტყობინება, კანონის კრიტიკოსები აცხადებენ, რომ ის კიდევ უფრო დაასუსტებს იმ ადამიანების იდენტობას, რომლებიც უმრავლესობაში მყოფ ხანის ეთნიკურ ჯგუფს არ მიეკუთვნებიან.

კანონი ადგენს, რომ სკოლებში, ასევე სამთავრობო და ოფიციალურ დაწესებულებებში სწავლებისა და საქმის წარმოების ძირითადი ენა ჩინური უნდა იყოს. ამასთან, საზოგადოებრივ ადგილებში, სადაც გამოიყენება როგორც ჩინური, ასევე უმცირესობების ენები, პრიორიტეტი, „განთავსების, რიგითობის და სხვა მსგავს საკითხებში“, ჩინურს უნდა მიენიჭოს. თუმცა, კანონში აგრეთვე აღნიშნულია, რომ „სახელმწიფო პატივს სცემს და დაიცავს უმცირესობების ენებისა და დამწერლობის სწავლებასა და გამოყენებას“.

კრიტიკოსები შიშობენ, რომ ნებისმიერი პირი, ვინც ამ ეროვნულ ერთობას ეჭვქვეშ დააყენებს, შეიძლება სეპარატისტად გამოცხადდეს და სასამართლოს წინაშე წარდგეს.

კანონი სახელწოდებით „ეთნიკური ერთობისა და პროგრესის ხელშეწყობა“ ჩინეთის პარლამენტის (სრულიად ჩინეთის სახალხო წარმომადგენელთა კრება - რედ.) ყოველწლიური სესიის ბოლო სხდომაზე მიიღეს. სესიაზე, რომელიც დაახლოებით ერთი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა, ჩინეთის მთავრობამ, ახალი კანონპროექტებთან ერთად, დასამტკიცებლად წარადგინა ხუთწლიანი გეგმა და ძირითადი პოლიტიკური და ეკონომიკური მიზნები და მიმართულებები.

ტაივანის გამოხმაურება

ახალ საკანონმდებლო ნორმას ტაივანის მთავრობაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ კანონმა, შესაძლოა, პეკინს კიდევ ერთი სამართლებრივი საფუძველი მისცეს იმ ტაივანელების სისხლისსამართლებრივი დევნის დასაწყებად, რომლებსაც სეპარატისტებად მიიჩნევს. მითუმეტეს, სხვა საკითხებთან ერთად, კანონი შეიცავს დებულებებს, რომელთა მიზანი ჩინეთის სუვერენიტეტისა და უსაფრთხოების დაცვაა.

ჩინეთი აცხადებს, რომ აშშ-ის მიერ ტაივანისთვის იარაღის მიყიდვა ომის საფრთხეს აძლიერებს (ჩეხურ ენაზე)

ჩინეთს, რომელიც დემოკრატიული მმართველობის მქონე ტაივანს თავის ტერიტორიად მიიჩნევს, უკვე აქვს ტაივანის დამოუკიდებლობის მომხრეთა წინააღმდეგ მიმართული კანონები და რეგულაციები. მათ შორისაა 2024 წელს გამოქვეყნებული ინსტრუქციები, რომლებიც რადიკალი აქტივისტების დასჯას (მათ შორის, სიკვდილით დასჯასაც) ითვალისწინებს, მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთის სასამართლოების იურისდიქცია ამ კუნძულზე არ ვრცელდება.

ჩინეთს 56 ოფიციალურად აღიარებული ეთნიკური ჯგუფი ცხოვრობს, რომელთა შორის დომინანტი ხანის ეთნოსია. ისინი ჩინეთის 1.4 მილიარდიანი მოსახლეობის 91%-ზე მეტს შეადგენენ. ეთნიკური უმცირესობები - მათ შორის, ტიბეტელები, მონღოლები, მანჯურიელები და უიღურები - ბინადრობენ რეგიონებში, რომლებიც ქვეყნის ტერიტორიის დაახლოებით ნახევარს მოიცავს და როგორც წესი, მდიდარია ბუნებრივი რესურსებით.

ჩეხი მეცნიერი ამბობს, რომ ჩინეთმა, საერთაშორისო ზეწოლის ქვეშ, უიღურების ბანაკები დახურა (ჩეხურ ენაზე)

პოლიტოლოგი ასიმილაციაზე საუბრობს

ოფიციალური დასაბუთების თანახმად, კანონის მიზანია, ხელი შეუწყოს ეთნიკურ ჯგუფებს შორის ინტეგრაციას - განათლების, საცხოვრებელი პირობების, მიგრაციის, საზოგადოებრივი ცხოვრების, კულტურისა და ტურიზმის განვითარების გზით.

კორნელის უნივერსიტეტის პოლიტოლოგიის ასოცირებულმა პროფესორმა და ჩინეთის საგარეო პოლიტიკის ექსპერტმა, ალენ კარლსონმა აღნიშნა, რომ კანონი ცხადყოფს ასიმილაციისკენ მიმართული ტენდენციის გაძლიერებას.

„კანონი, როგორც არასადროს, უფრო ნათელს ხდის იმას, რომ პრეზიდენტ სი ძინპინის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში მცხოვრებმა მოქალაქეებმა, რომლებიც ხანის ეთნოსს არ მიეკუთვნებიან, უფრო მეტი უნდა გააკეთონ ხანის უმრავლესობასთან ინტეგრირებისთვის და, რაც ყველაზე მთავრია, - პეკინის ერთგულები იყვნენ“, - აღნიშნა კარლსონმა.

ჩინეთის ეკონომიკა გამოწვევების წინაშე დგას, დასახული მიზანი ბოლო ათწლეულების განმავლობაში ყველაზე მოკრძალებულია (ჩეხურ ენაზე)

წყარო: 1 არხი